ვანო მერაბიშვილის საქმე

არასამთავრობოები: ხელისუფლება მერაბიშვილის ბრალდებაზე არასათანადოდ რეაგირებს

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის მიერ გახმაურებულ ბრალდებებზე ხელისუფლება არასათანადო რეაგირებას ახდენს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ (TI-GEORGIA), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA) და მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

"არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოვითხოვეთ ამ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად ავალდებულებს პროკურატურას და სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფს მსგავს შემთხვევებში დაიწყოს გამოძიება, ფაქტია, რომ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დღემდე არ ჩატარებულა სრულფასოვანი გამოძიება. სამწუხაროდ, ხელისუფლება მხოლოდ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ჩატარებული ეგრეთ წოდებული სამსახურებრივი მოკვლევით შემოიფარგლა. სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებმა საზოგადოებაში დამატებითი შეკითხვები გააჩინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა სრულფასოვანი და დროული გამოძიების ჩატარების აუცილებლობა. არსებული ეჭვები კიდევ უფრო გააღრმავა სასჯელაღსრულების მინისტრის ურთიერთგამომრიცხავმა განცხადებებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და უშუალოდ მერაბიშვილის საკანში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერების შენახვის განსხვავებულ ვადებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, კანონის მოთხოვნათა დაცვით დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ივანე მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სრულყოფილი შესწავლა და ამომწურავი პასუხი გაეცეს ამ ფაქტის გამო საზოგადოებაში გაჩენილ არაერთ ლეგიტიმურ შეკითხვას", - ნათქვამია განცხადებაში.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო აცხადებს, რომ სამსახურებრივი მოკვლევის შედეგად ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრალდებები არ დადასტურდა. მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 13-14 დეკემბერის ღამეს იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკანონოდ გაიყვანეს და მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შეახვედრეს და ის მასზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობდა.

უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მერაბიშვილის მიერ მოყვანილი ფაქტები არ დადასტურდა.

"სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, გენერალური ინსპექციის მოთხოვნის საფუძველზე, ამოღებული იქნა 377 გბ მოცულობის ვიდეომასალა, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ნ9 დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის არსებულ მონაკვეთში განლაგებულმა თვრამეტმა სათვალთვალო კამერამ 2013 წლის 13 დეკემბრის 12:00 საათიდან 2013 წლის 14 დეკემბრის 12:00 საათამდე ჩაიწერა. ჩანაწერის დათვალიერებისას საქმისათვის საინტერესო ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნა აღმოჩენილი", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ 17 დეკემბერს, მერაბიშვილის მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის, 13-14 დეკემბრის ჩანაწერი აღარ არსებობდა, "ვინაიდან შენობებში არსებული ვიდეო-სათვალთვალო ტექნიკური საშუალებები, 24 საათის გასვლის შემდეგ, ახალი ინფორმაციის ჩაწერის გამო, ძველ ჩანაწერებს ავტომატურად შლის".

სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში გამოიკითხნენ სასჯელაღსრულების N9 დაწესებულების თანამშრომლები, რომლებმაც კატეგორიულად უარყვეს მერაბიშვილის მიერ 2013 წლის 14 დეკემბერს ღამის საათებში სასჯელაღსრულების N9 დაწესებულების ტერიტორიის დატოვების ფაქტი, - წერია განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ შემოწმდა სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში არსებული ჟურნალებიც, რომლებიც დაწესებულების ტერიტორიაზე ავტომანქანების შესვლა-გასვლასა და ბრალდებულ-მსჯავრდებულთა მოძრაობას აღრიცხავენ. "ამდენად, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, ივანე მერაბიშვილის განცხადებაში და ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტი არ დადასტურდა", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები