ანიტა რაჭველიშვილი

დივიზმი არამოდურია

ინტერვიუ ანიტა რაჭველიშვილთან

ორი თვის წინ, ბერლინში დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით რიმსკი-კორსაკოვის „მეფის ასულში" იმღერა. სცენაზე გვერდს ამჯერადაც მსოფლიო მნიშვნელობის კოლეგები უმშვენებდნენ. მისი გვარი უკვე დიდი ხანია, წამყვანი თეატრების აფიშებს ამშვენებს, თუმცა ლირიკული მუსიკის მოყვარულებისთვის ის დღემდე რჩება ოთხი წლის წინანდელი დაუჯერებელი ამბის მთავარ გმირად: 2009 წლის 7 დეკემბერს, მსოფლიოს ალბათ ყველაზე პრესტიჟული ოპერის თეატრის, მილანის ლა სკალას სეზონი ძალიან ახალგაზრდა და სრულიად უცნობმა ქართველმა გოგონამ ტრიუმფალურად გახსნა, ლირიკული მუსიკის ყველაზე ვნებიანი ქალის – კარმენის პარტიით. ოთხი წლის თავზე, ამ უჩვეულო ამბავს ანიტა რაჭველიშვილი შემდეგნაირად იხსენებს:

„მართალი ხართ, ასე არ ხდება ხოლმე. 25 წლისას წილად მხვდა ბედნიერება ლა სკალას სეზონი გამეხსნა და ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო თეატრის ისტორიაში. დამეხმარა იღბალი და ის შრომა, რომელიც ლა სკალას აკადემიაში სწავლისას გავწიე. ჯერ კიდევ სტუდენტი ბარენბოიმთან მოსმენაზე მივედი, რათა ბედი მომესინჯა მცირე პარტიის – მერსედესის როლის მისაღებად და წილად მხვდა კარმენის სიმღერა. ბევრი იტალიელი ჟურნალისტი მეკითხებოდა, საერთოდ გააზრებული მქონდა თუ არა, რა ხდებოდა ჩემს თავს, ყველას უკვირდა, რომ მშვიდად ვიყავი. ჩემი სიმშვიდის მიზეზი კი ის იყო, რომ თვეების მანძილზე ვმუშაობდი ამ როლისთვის და პრემიერისთვის ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული. ამ გადასახედიდან, დღეს უკვე საოცრად მაგონდება ის დღეები და ვფიქრობ, რომ ყველაზე დაუვიწყარ მოგონებად დარჩება ჩემს ცხოვრებაში".

სპექტაკლი პირდაპირი ეთერით გადაიცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. შესაბამისად, ანიტამ უზარმაზარი პუბლიკის სიყვარული ერთბაშად მოიპოვა და სავარაუდოდ, ასევე ერთბაშად „შეშურდა" მსოფლიოს ყველა მელომანს მისი, როგორც ყველაზე იღბლიანი მეცოსოპრანოსი: იმ საღამოს სცენაზე მის სიყვარულს ერთმანეთს ლირიკული მუსიკის ყველაზე ლამაზი მამაკაცები – იონას კაუფმანი და ერვინ შროტი ეცილებოდნენ.

„კოლეგებში მუდამ მიმართლებს. კაუფმანიც და შროტიც არაჩვეულებრივი ადამიანები და ნამდვილი ჯენტლმენები არიან, ძალიან დამეხმარნენ როლის მომზადებაში. როგორც ბავშვს, ისე მიყურებდნენ და მათი მზრუნველობა, მათთან ერთად ყოფნა ძალიან სასიამოვნო იყო მუშაობისასაც და თეატრს გარეთაც.

თუმცა, იმ კოლეგებს შორის, რომლებთანაც მიმუშავია, იონასი ყველაზე დიდი მაგალითია ნიჭიერების, პროფესიონალიზმის, კოლეგიალურობის მხრივ. ეს არის არანორმალურად უშუალო და თბილი, საინტერესო ადამიანი. იმავეს თქმა შემიძლია დანიელ ბარენბოიმზე, რომელიც არის გენიოსი და ყველაზე საინტერესო და საოცარი მუსიკოსი, რომელსაც ცხოვრების გზაზე შევხვედრივარ".

დღეს ის შემდგარი და წარმატებული არტისტია, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით: გარდა იმისა, რომ მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე უწევს გამოსვლა, მრავალმხრივ აქტიური ადამიანია, არასდროს ერიდება მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებას, მონაწილეობას იღებს საქველმოქმედო და სოციალურ პროექტებში, ერთდროულად ფლობს რამდენიმე ევროპულ ენას. ყოველივე ეს, მისივე თქმით, დღეს თანამედროვე არტისტისთვის აუცილებელია:

„დღესდღეობით მომღერლებს ბევრი რამ მოგვეთხოვება, არ კმარა მარტო ხმა და მუსიკალურობა. ენების ცოდნა ჩვენს პროფესიაში საჭიროა. სხვადასხვა თეატრებში მიწევს გამოსვლა და მიმაჩნია, რომ ადამიანისთვის, რომელიც ამდენს მოგზაურობს, ენების არცოდნა სირცხვილიც კია, თუ, რა თქმა უნდა, მათი შესწავლის უნარი გაქვს. იტალიური მილანში ჩასვლიდან 2-3 თვეში ავითვისე. ასე მოგზაურობაში ვისწავლე ინგლისური, ფრანგული და ესპანურიც.

Jonas Kaufmann and Anita Rachvelishvili in Carmen. La Scala, 2009.
ჩვენი პროფესია ძალიან დიდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გამძლეობას მოითხოვს. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც კოლეგებთან, ისე მაყურებელთან ურთიერთობის უნარს. ძალიან ხშირად მეუბნებიან, რომ ჩემთან კომფორტულია მუშაობა, პირველ რიგში იმიტომ, რომ არ ვარ რთული. ვცდილობ, რომ კოლეგას ფეხი ავუწყო და სამუშაო გარემო გავხადო სასიამოვნო, ამით საკუთარ თავსაც ვუქმნი კომფორტს.

ის დივიზმი, რომელიც იყო ადრე და რის გამოც ძალიან ბევრი კონფლიქტები არსებობდა კოლეგებს შორის სცენაზე, დღესდღეობით ძალიან არამოდურია. ჭირვეული პრიმადონები არსებობენ, რა თქმა უნდა და ასეთს ბევრს ვიცნობ, მაგრამ ასეთ ადამიანებს უკვე ძალიან უჭირთ თეატრებთან კონტრაქტების გაფორმება და თანამშრომლობა. მათთან მუშაობა აღარავის უნდა".

თეატრების ჩამონათვალი, რომელთა მაყურებლის წინაშეც უმღერია, გრძელი და შთამბეჭდავია, შესაბამისად, შთამბეჭდავია მსოფლიოს ის გამოცემები, რომლებიც სხვადასხვა სცენაზე მის გამოსვლებს აფასებენ.

„ყველაზე ადეკვატური პუბლიკა ალბათ ნიუ იორკშია. მეტროპოლიტენის მსმენელები ძალიან კარგად იცნობენ ლირიკულ მუსიკას და სწორი შეფასების უნარიც აქვთ. ხულიგანი ლოჯონისტების ფენომენი სამწუხაროდ კიდევ არის შემორჩენილი იტალიაში, მათ შორის ლა სკალაშიც, სადაც აბსოლუტურად უმიზეზოდ უყვირიათ ბუები ჩემი კოლეგებისთვის. იყო დრო, როდესაც ლა სკალას მაყურებლის პროტესტი იყო სკანდალური, რადგან იქ იყო მსმენელი, რომელმაც იცოდა, რასაც აკეთებდა. დღეს კი მათი პროტესტი ხშირად იმდენად არ ექვემდებარება ლოგიკას, რომ მომაბეზრებელიც კი გახდა.

ნიუ იორკში არის მსმენელი, რომელიც სწორად აფასებს მომღერლის შრომას, ძალიან ხშირად მომისმენია არასრულყოფილი სპექტაკლი, პრობლემური მომენტებით, მაგრამ მეტროპოლიტენის მაყურებელი ინდობს მომღერალს, აფასებს მის გამბედაობას, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის, თუ სხვა პრობლემებისა, არ გააუქმა სპექტაკლი და მაინც გამოვიდა სცენაზე. სხვანაირი მიდგომა აქვთ და ეს ძალიან სასიამოვნოა.

ყველაზე სასიამოვნო შეფასებაც New York Times-ისგან მივიღე. კარმენის დებიუტი ძალიან დადებითად შემიფასეს, მიუხედავად იმისა, რომ იმ საღამოს სცენაზე გასვლამდე ბევრი ვინერვიულე და ალბათ საშუალო დონეზე ვიმღერე, ჩემს გამოსვლას ძალიან დადებითი კრიტიკა მოჰყვა – ანა მანიანის შემადარეს, რამაც შოკში ჩამაგდო. ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტი იყო, რადგან უზომოდ მიყვარს ეს მსახიობი".

ევროპაში განსაკუთრებით ბევრჯერ სთხოვეს ამის მოყოლა და ისიც წარმატებამდელ პერიოდს, სტუდენტობასა და საზაფხულო ფეხსაცმელში გატარებულ ცივ თბილისურ ზამთრებს ხშირად იხსენებს:

„ყოველთვის ძალიან გაჭირვებული ოჯახი ვიყავით და ძალიან ბევრი მსხვერპლი გავიღეთ იმისთვის, რომ დღეს იქ ვყოფილიყავი, სადაც ვარ. ეს პრობლემები, საბედნიეროდ, აღარ არის. დღეს მაცვია ის, რაც მომწონს და იძულებულიც ვარ, კარგად მეცვას, იმიტომ რომ მიწევს იმ სამყაროში ყოფნა, სადაც ბევრი ფული და მდიდარი ადამიანი ტრიალებს და, სამწუხაროდ, ამას ძალიან აქცევენ ყურადღებას. ერთი მხრივ, ეს გულს მწყვეტს, რადგან გავიზარდე აბსოლუტურ სიღარიბეში და პირველ რიგში, ადამიანი პიროვნულად როგორი იყო, იმას ვაქცევდი ყურადღებას. ეს ასეც დარჩა, ამ მხრივ ჩემთვის არაფერი შეცვლილა და არც შეიცვლება".

მთავარი ინსტრუმენტის, ხმის მოსავლელად, განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს: ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, ყოველდღიურად მეცადინეობს კონცერტმაისტერთან და პარტიების მომზადებისას, სპეციალურ ლიტერატურას ეცნობა. გრაფიკი 2017 წლამდე აქვს გაწერილი და გეგმებიც, შესაბამისად, დიდი და ბევრია:

„ახლო მომავალში მივემგზავრები ლონდონში, კოვენტ გარდენში პირველად ვიმღერებ კარმენს. დაგეგმილი მაქვს „ტრუბადური" და „ბალ-მასკარადი" ტურინში, თუმცა, ყველაზე მეტად კი „კნიაზ იგორის" პრემიერას ველი ნიუ იორკში, რომელიც 6 თებერვალს შედგება, მეტროპოლიტენში. პირველ მარტს, მეხუთე სპექტაკლი, კინოთეატრებში გადაიცემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ყველა ღონეს ვხმარობ, რომ როგორმე თბილისშიც შეძლონ ამის ნახვა".

კომენტარები