ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

პრემიერი: თუ MAP-ი არ იქნება ახლა, იქნება მოგვიანებით, ეს არ არის პრინციპული

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია. მისი თქმით, MAP-ის მიღებასთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლებამ გააჩინა "აბსოლუტურად გაუაზრებელი მოლოდინი და ყველა ერთად დავრჩით გაღიმებული და იმედგაცრუებული".

როგორც საქართველოს პრემიერმა დღეს, მედიასთან შეხვედრაზე თქვა, მისი გუნდი ამას არ აპირებს.

"ჩვენ ვმუშაობთ და ჩვენი საქმით ვამტკიცებთ. საქმე გამოაჩენს ჩვენს შედეგებს. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი არ იცვლება. თუ MAP-ი არ იქნება ახლა, იქნება მოგვიანებით, ეს არ არის პრინციპული. თუ კითხვა ისმის - გვინდა თუ არა, რა თქმა უნდა, გვინდა, მაგრამ თუ არ იქნება, ეს არ შეუქმნის საფრთხეს და არ შეცვლის ჩვენს ევროინტეგრაციას", - უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს.

ცნობისთვის, ესტონელ კოლეგასთან შეხვედრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ საქართველო ბუქარესტის სამიტის დანაპირებს არ ივიწყებს და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებს, კონკრეტული შედეგი ამ დრომდე არ ჩანს. მისი განცხადებით, საქართველოს კონკრეტული შედეგის - MAP-ის მოლოდინი აქვს და იმ შემთხვევაში, თუ ეს შედეგი არ დაიდო, მაშინ შესაძლოა გარკვეული საფრთხეები ევროინტეგრაციის კუთხითაც გამოიკვეთოს. 

კომენტარები