ეკონომიკური ზრდა

ღარიბაშვილი: ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების მიზეზი წინა ხელისუფლება იყო

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

ეკონომიკა უბრალოდ არ არსებობდა საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკა, რასაც სააკაშვილი და წინა ხელისუფლება უწოდებდა, იყო ხელოვნური სტიმულატორებით გაზრდილი.

„მოგეხსენებათ, რომ ბევრ სამინისტროს მოუწია გადახედვა მთელი რიგი მოსახლეობისთვის უსარგებლო პროექტების მშენებლობის, რომელიც იყო დაგეგმილი წინა მთავრობის დროს“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა. მისივე თქმით, "ნარმანიას სამინისტრომ 250 კმ გზა დააგო, 30 ხიდის რეაბილიტაცია მოახდინა და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მაგრამ ეს არ ჩანდა".

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების მთავარი მიზეზი წინა ხელისუფლება, უშუალოდ პრეზიდენტი სააკაშვილი და კოაბიტაციის რეჟიმი იყო, რის გამოც ინვესტორებმა შეწყვიტეს ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტირება.

„გასულ წელს ჩვენ გვქონდა 3%-იანი ზრდა - არათუ კლება, არამედ ზრდა. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში არსებულ 21 ქვეყანას შორის ეკონომიკური ზრდით ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზე რჩება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ოქტომბერში და ნოემბერში ეკონომიკური თვალსაზრისით სერიოზული გამოცოცხლებაა: ეკონომიკური ზრდა 4.1 და 7.8%-ია, სოფლის მეურნეობის სექტორში რეალური ზრდის მაჩვენებელი 9%-ია, ოპერაციები უძრავი ქონებით 6.3%-ით, გადამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა კი 4.5%-ით გაიზარდა. პრემიერის ინფორმაციით, 20%-ით გაიზარდა ექსპორტი, აქედან 65%-ით ევროკავშირში და სამჯერ რუსეთში.  

„ეს ციფრები მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური მაჩვენებლები მესამე და მეოთხე კვარტალში. რეალურად, უკვე დაიწყო ეკონომიკის გამოცოცხლება და გაჯანსაღება და ის, რომ 2014 წელს 5%-ით გაიზრდება ეკონომიკა, ამას ადასტურებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრმა მაგალითად მოიყვანა მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2014 წელს 6.3% იქნება. „ჩვენ გათვლა გავაკეთეთ 5%-ზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამას აზუსტებს. მათი გათვლებით, 5%-იანი ზრდა არის არათუ ოპტიმისტური, არამედ სრულიად რეალური“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები