ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

ღარიბაშვილი: თვითმმართველობის კოდექსს არსებული ფორმით ვერ დავტოვებდით

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებულია. ღარიბაშვილი მედიასთან შეხვედრაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლის მაიკლ იანსენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ  "თვითმმართველობის არჩევნებამდე ნახევარ წელზე ნაკლები რჩება და თამაშის წესები მაინც გაურკვეველია".

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა არსებული ფორმით ვერ დატოვებდა თვითმმართველობის კოდექსს. მისი შეფასებით, ეს არის მართლაც უპრეცედენტო, დემოკრატიული და წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ძალიან სასარგებლოა ქვეყნის მომავლისთვის.

"ყველა რაიონში ავირჩევთ საკრებულოს წევრებს და გამგებლებს. თვითმმართველ ქალაქებში კი, ავირჩევთ მერს. ასეთი ქალაქი იქნება 12, აქამდე იყო მხოლოდ ერთი - თბილისი - და ისიც 30%-იანი ბარიერით. ჩვენ საუბარი გვაქვს ბარიერის გაზრდაზე. გვინდა, რომ მერები ავირჩიოთ 40%-იანი ბარიერით, უფრო სწორად, 2/5-ით, რაც ჯამში 40%-ია. ხოლო რაიონებში დაახლოებით 1/3-ით, რაც ჯამში 33%-ია. ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, ინტერფრაქციული ჯგუფი არსებობს. ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციასთანაც გვაქვს კონსულტაციები. ჩვენ გვსურს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა პარტიას და საზოგადოებას, რომ კითხვები არ დარჩეს არავის. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენ ასევე გვქოდა კონსულტაციები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და მათაც დაგვიდასტურეს, რომ ჩემი ჩამოთვლილი ცვლილებების ფარგლებში შეუძლიათ უზრუნველყონ არჩევნების ჩატარება გაზაფხულზე, ისე როგორც არის განსაზღვრული კონსტიტუციაში. ამ მიმართულებით მე პრობლემას ვერ ვხედავ. ევროსაბჭოს დელეგაციასაც და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსაც შეგვიძლია ეს ყველაფერი დავუსაბუთოთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე. 

კომენტარები