ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

ღარიბაშვილი: არ ვიზიარებთ შეფასებას, რომ შესაძლოა, განმეორდეს უკრაინის მაგალითი

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღევანდელი პრესკონფერენციისას, ჟურნალისტმა ჰკითხა, შესაძლოა თუ არა საქართველოში განმეორდეს უკრაინის მაგალითი. ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ რისკი მინიმალურია, რადგან საქართველო არ არის რუსეთზე დამოკიდებული ისე, როგორც უკრაინა. 

”მე არაერთხელ მითქვამს, რომ არ ვიზიარებთ შეფასებას, რომ შესაძლოა, განმეორდეს უკრაინის სცენარი და მაგალითი. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ რუსეთზე ისე დამოკიდებული, როგორც არის უკრაინა. რუსეთს არ აქვს ჩვენ მიმართ ის ბერკეტები, როგორიც მას ჰქონდა უკრაინაში. შესაბამისად, რისკი არის მინიმალური. მე ადრე ვთქვი, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები. მათ ვხედავდით მთელი წლის განმავლობაში, იგივე საოკუპაციო ხაზთან მიმართებაში. ამას გარდა, სხვა პროვოკაციებიც შეიძლება იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანს, რაღაც განსაკუთრებულს არ ველოდებით. რა უნდა იყოს იმაზე მეტი, რაც უკვე გვაქვს - ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ასე რომ ჩვენი მთავრობა არ ელოდება არათუ უკრაინის სცენარის, არამედ მიახლოებული სცენარის განმეორებას საქართველოში", - თქვა ღარიბაშვილმა. 

პრემიერმინისტრმა პრესკონფერენციაზე 2014 წელს დასაქმების შესახებაც ისაუბრა.

”ჩვენ გავაკეთეთ დაპირებულზე მეტი. დაახლოებით 700000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამით. საუბარია 205 მილიონ ლარზე. ასევე დაახლოებით 200 მილიონი ლარის ოდენობით გაიცა შეღავათიანი აგროსესხები. ამას გარდა, დაახლოებით 65 საწარმო იქნა გახსნილი.  ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გრძელდება. გუშინწინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა დააანონსა, რომ იწყება საზაფხულო სამუშაოები თებერვლის პირველი კვირიდან. ეს პროცესი უწყვეტია, ამ მიმართულებით ჩვენი მიდგომა არ შეგვიცვლია. 1 200 000 000 ლარის ოდენობით დაიხარჯება წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სექტორში”, - თქვა ღარიბაშვილმა. 

 

კომენტარები