ვანო მერაბიშვილის საქმე

ხიდაშელი: მერაბიშვილმა იცოდა, ციხეებში ვიდეოკამერები რა რეჟიმში მუშაობენ

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ყველაზე კარგად ნაციონალურმა მოძრაობამ იცის, თუ როგორ რეჟიმში მუშაობს ვიდეოკამერები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ამის შესახებ ხიდაშელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა.

"სახალისო შეკითხვა უნდა დავსვა, როგორ ფიქრობთ, საქართველოში ყველაზე კარგად ვინ იცის დღესაც კი, რეალურად რა რეჟიმში მუშაობს სხვადასხვა უწყებაში დამონტაჟებული ვიდეოკამერები, რომელს აქვს 24-საათიანი ჩაწერის რეჟიმი, რომელს - უბრალოდ თვალთვალის ფუნქცია ჩაწერის გარეშე, რა პერიოდულობით ხდება გადაწერა და წაშლა? ყველაზე კარგად ამ ინფორმაციის მატარებელი, ჩემი აზრით, ვანო მერაბიშვილი იყო, ამიტომ ძალიან ნათელი და მარტივი იყო მათი მოქმედება. ჩვენი პრობლემა კი ის იყო, რომ ეს არ ვიცოდით. მათ იცოდნენ, კონკრეტულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კამერები რა რეჟიმში მუშაობდნენ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს, თუ მისი ბრალეულობა რაიმეში იკვეთება. ხიდაშელის თქმით, ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და ვანო მერაბიშვილის განცხადებაში არსად არ ფიგურირებს სოზარ სუბარის მიერ რაიმე ტიპის გადაცდომაზე, ან დანაშაულზე საუბარი.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას კი, ხიდაშელი კატეგორიულად არ ეთანხმება.

"კომისია არის განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში იქმნება. ეს არ არის ამ ტიპის საქმე", - განაცხადა დეპუტატმა.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, სასჯელაღსრულების განმარტებამ აშკარა გახადა, რომ დანაშაულებრივ ქმედებას კრიმინალი ყოფილი მთავარი პორკურორის ოთარ ფარცხალაძის მხრიდან საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ ნამდვილად ჰქონდა ადგილი. გოკა გაბაშვილის თქმით, "პირადად მინისტრმა სუბარმა და სამინისტროს თანამშრომლებმა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 368-ე მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაული - მტკიცებულებათა განადგურება. მთელმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კი საკუთარ თავზე აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შეეცადა ამ დანაშაულის დაფარვას". დღევანდელ ბრიფინგზე გაბაშვილმა მოითხოვა საპარლამენტო კომისიის შექმნა. ასევე, მისი თქმით, თანამდებობა უნდა დატოვოს სოზარ სუბარმა, რადგან მან "დიდი ალბათობით მონაწილეობა მიიღო მტკიცებულებათა განადგურებაში".

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო აცხადებს, რომ სამსახურებრივი მოკვლევის შედეგად ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრალდებები არ დადასტურდა. მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 13-14 დეკემბერის ღამეს იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკანონოდ გაიყვანეს და მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შეახვედრეს და ის მასზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობდა. უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მერაბიშვილის მიერ მოყვანილი ფაქტები არ დადასტურდა.

"სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, გენერალური ინსპექციის მოთხოვნის საფუძველზე, ამოღებული იქნა 377 გბ მოცულობის ვიდეომასალა, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N9 დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის არსებულ მონაკვეთში განლაგებულმა თვრამეტმა სათვალთვალო კამერამ 2013 წლის 13 დეკემბრის 12:00 საათიდან 2013 წლის 14 დეკემბრის 12:00 საათამდე ჩაიწერა. ჩანაწერის დათვალიერებისას საქმისათვის საინტერესო ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნა აღმოჩენილი", - ნათქვამია განცხადებაში. რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, უწყება აღნიშნავს, რომ 17 დეკემბერს, მერაბიშვილის მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის, 13-14 დეკემბრის ჩანაწერი აღარ არსებობდა, "ვინაიდან შენობებში არსებული ვიდეო-სათვალთვალო ტექნიკური საშუალებები, 24 საათის გასვლის შემდეგ, ახალი ინფორმაციის ჩაწერის გამო, ძველ ჩანაწერებს ავტომატურად შლის".

კომენტარები