ისრაელი-პალესტინა

მოშე იალონმა ჯონ კერის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

www.thehindu.com

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მოშე იალონმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა. მინისტრს ბოდიშის მოხდა ერთ-ერთი ებრაული გამოცემის მიერ მოყვანილი ციტატის გამო მოუწია, სადაც თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო მდივნის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა იმ ფურცლადაც კი არ ღირს, რომელზეც ეს გეგმაა შედგენილი და, რომ ჯონ კერი გაუგებარი შეშფოთებითა და მესიანური იდეებით არის შეპყრობილი. ისრაელის თავდაცვის მინისტრის გამონათქვამს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მარი ჰარფი მიუღებელს უწოდებს.

"სახელმწიფო მდივანი კერი და მისი გუნდი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ისრაელისთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო მდივნისთვის ისრაელის მომავალი მნიშვნელოვანია. მისი მოტივების ეჭვქვეშ დაყენება და მისი შემოთავაზებების დამახინჯება არ არის ის, რასაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრისგან ველით. ჩვენ ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ ამ განცხადებებს შეურაცხყოფად და მიუღებლად მივიჩნევთ", - ამბობს მარი ჰარფი.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პალესტინა-ისრაელს შორის ძირითად საკითხებზე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია.

კომენტარები