ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, "კრიმინალ ფარცხალაძის მიერ ჩადენილი დანაშაული იყო და არის მთელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაკვეთა". მისი თქმით, ეს არის ოპონენტების პოლიტიკური დევნა, რომელიც "გუნდის პრემიერმინისტრმა და მისმა რეალურმა უფროსმა" ბიძინა ივანიშვილმა დაუკვეთეს.
"კიდევ ერთხელ მინდა მმართველ გუნდს ვუთხრა - როგორც ტყუილად გადაეფარნენ ფარცხალაძეს სრულიად უპრინციპოდ და ცინიკურად და ვერ დაიცვეს თანამდებობაზე, ასევე ვერ დაიცავენ ისინი მას და გუნდის სხვა წევრებს ამ დანაშაულის პასუხისმგებლობისაგან", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, გუშინ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ განაცხადა, რომ სამსახურებრივი მოკვლევის შედეგად ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრალდებები არ დადასტურდა. მერაბიშვილმა თქვა, რომ 13-14 დეკემბერის ღამეს იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკანონოდ გაიყვანეს და მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შეახვედრეს და ის მასზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობდა. უწყებამ კი, განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მერაბიშვილის მიერ მოყვანილი ფაქტები არ დადასტურდა.
"სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, გენერალური ინსპექციის მოთხოვნის საფუძველზე, ამოღებული იქნა 377 გბ მოცულობის ვიდეომასალა, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ნ9 დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის არსებულ მონაკვეთში განლაგებულმა თვრამეტმა სათვალთვალო კამერამ 2013 წლის 13 დეკემბრის 12:00 საათიდან 2013 წლის 14 დეკემბრის 12:00 საათამდე ჩაიწერა. ჩანაწერის დათვალიერებისას საქმისათვის საინტერესო ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნა აღმოჩენილი", - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ 17 დეკემბერს, მერაბიშვილის მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის, 13-14 დეკემბრის ჩანაწერი აღარ არსებობდა, "ვინაიდან შენობებში არსებული ვიდეო-სათვალთვალო ტექნიკური საშუალებები, 24 საათის გასვლის შემდეგ, ახალი ინფორმაციის ჩაწერის გამო, ძველ ჩანაწერებს ავტომატურად შლის".
სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში გამოიკითხნენ სასჯელაღსრულების ნ9 დაწესებულების თანამშრომლები, რომლებმაც კატეგორიულად უარყვეს მერაბიშვილის მიერ 2013 წლის 14 დეკემბერს ღამის საათებში სასჯელაღსრულების N9 დაწესებულების ტერიტორიის დატოვების ფაქტი, - წერია განცხადებაში.
უწყება აღნიშნავს, რომ შემოწმდა სასჯელაღსრულების ნ9 დაწესებულებაში არსებული ჟურნალებიც, რომლებიც დაწესებულების ტერიტორიაზე ავტომანქანების შესვლა-გასვლასა და ბრალდებულ-მსჯავრდებულთა მოძრაობას აღრიცხავენ. "ამდენად, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, ივანე მერაბიშვილის განცხადებაში და ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტი არ დადასტურდა", - ნათქვამია განცხადებაში.





