ვანო მერაბიშვილის საქმე

სახალხო დამცველი: მერაბიშვილის საქმეზე კვლავ ბევრი კითხვა არსებობს

news.ge

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. მისი თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადება მოისმინა, თუმცა კვლავ ბევრი კითხვა დარჩა.

"მე მოვისმინე სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადება. ვფიქრობ, კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით კვლავ არსებობს, ამიტომ ჩვენ კვლავ ვიმეორებთ გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე, ანუ აუცილებელია პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით. კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობს, რაღაცნაირად უნდა მოგვარდეს და პასუხი გაეცეს. მე ამ განცხადებით კვლავ დამრჩა ბევრი კითხვა", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო აცხადებს, რომ სამსახურებრივი მოკვლევის შედეგად ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრალდებები არ დადასტურდა. მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 13-14 დეკემბერის ღამეს იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკანონოდ გაიყვანეს და მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შეახვედრეს და ის მასზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობდა.

უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მერაბიშვილის მიერ მოყვანილი ფაქტები არ დადასტურდა.

"სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, გენერალური ინსპექციის მოთხოვნის საფუძველზე, ამოღებული იქნა 377 გბ მოცულობის ვიდეომასალა, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N9 დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის არსებულ მონაკვეთში განლაგებულმა თვრამეტმა სათვალთვალო კამერამ 2013 წლის 13 დეკემბრის 12:00 საათიდან 2013 წლის 14 დეკემბრის 12:00 საათამდე ჩაიწერა. ჩანაწერის დათვალიერებისას საქმისათვის საინტერესო ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნა აღმოჩენილი", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ 17 დეკემბერს, მერაბიშვილის მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის, 13-14 დეკემბრის ჩანაწერი აღარ არსებობდა, "ვინაიდან შენობებში არსებული ვიდეო-სათვალთვალო ტექნიკური საშუალებები, 24 საათის გასვლის შემდეგ, ახალი ინფორმაციის ჩაწერის გამო, ძველ ჩანაწერებს ავტომატურად შლის".

სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში გამოიკითხნენ სასჯელაღსრულების N9 დაწესებულების თანამშრომლები, რომლებმაც კატეგორიულად უარყვეს მერაბიშვილის მიერ 2013 წლის 14 დეკემბერს ღამის საათებში სასჯელაღსრულების N9 დაწესებულების ტერიტორიის დატოვების ფაქტი, - წერია განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ შემოწმდა სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში არსებული ჟურნალებიც, რომლებიც დაწესებულების ტერიტორიაზე ავტომანქანების შესვლა-გასვლასა და ბრალდებულ-მსჯავრდებულთა მოძრაობას აღრიცხავენ. "ამდენად, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, ივანე მერაბიშვილის განცხადებაში და ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტი არ დადასტურდა", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები