საყდრისი

ოდიშარია: საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე უნდა ჩატარდეს არქეოლოგიური სამუშაოები

კულტურის სამინისტრო კომპანია RMG Gold-ს საყდრისში წიაღისეულის მოპოვების ნებართვას არ აძლევს. ამასთან დაკავშირებით, კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია განცხადებას ავრცელებს და RMG GOLD-ის გენერალურ დირექტორს სერგეი ეგანოვს მიმართავს.

"საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განიხილა თქვენი წერილი (#686 19.11.2013) თანდართულ დოკუმენტაციასთან (საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში 2013 წლის 21 ოქტომბერი-12 ნოემბერი. შპს „არქეოლოგთა გაერთიანება“ 2013 წელი) ერთად. წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე არსებულ არქეოლოგიურ ობიექტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ანგარიშიდან ჩანს, ბორცვის მიმდებარედ შესწავლილია შუა საუკუნეების ე.წ. მარანი და ამავე პერიოდის სამაროვანი. რაც შეეხება ბორცვზე მდებარე არქეოლოგიურ ობიექტს, ანგარიშის მიხედვით, მისი არსებობა არ დადასტურდა, რაც ეწინააღმდეგება საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე ბოლო 7 წლის მანძილზე განხორციელებული კვლევების შედეგად შემუშავებულ ანგარიშებს, რომელთა მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე დასტურდება პრეისტორიული პერიოდის (ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანა) კულტურული ფენები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „არქეოლოგთა გაერთიანების“ მიერ განხორციელებული სამუშაოების ანგარიშზე დაყრდნობით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ვერ გასცემს დადებით დასკვნას სალიცენზიო ტერიტორიის ამ მონაკვეთში წიაღისეულის მოპოვებასა და მასთან დაკავშირებული სხვა სახის სამუშაოების განსახორციელებლად. ამდენად, ობიექტის სრულად შესწავლის მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია, აღნიშნულ ბორცვზე ჩატარდეს არქეოლოგიური სამუშაოები. ამ აზრს ერთსულოვნად ადასტურებენ როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს არქეოლოგიური სექციის წევრები, ასევე საბჭოს სხდომაზე მოწვეული არქეოლოგები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყურადსაღებია აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წერილში (#010107-397/517 23.12.2013) ცალსახად დაფიქსირებული პოზიცია საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს შესახებ" - აცხადებს გურამ ოდიშარია.

საყდრისის ტერიტორიაზე წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია RMG Gold კი აცხადებს, რომ კულტურის სამინისტრო მიზანმიმართულად არ აძლევს საყდრისში წიაღისეულის მოპოვების ნებართვას. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული მეკვიდრეობის საკითხებში RMG GOLD-ის მრჩეველმა სოსო ცაბაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო კომპანიას მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების დაწყების უფლებას არ აძლევს. ცაბაძე კულტურის მინისტრის მოადგილეს მარინე მიზანდარს მიკერძოებულს უწოდებს.

"ეს არის კარგად ორგანიზებული შეტევა კომპანიაზე. მივედით იმ სიტუაციამდე, როცა სამინისტრომ დადგენილ ვადაში არ გასცა ნებართვა და პრაქტიკულად გვითხრა უარი. ჩვენ ველოდებით სამინისტროსგან დასაბუთებულ დასკვნას,"- თქვა სოსო ცაბაძემ. 

ცნობისთვის, საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული ოქროს საბადოს ტერიტორიაზე 7 იანვარს კომპანია RMG GOLD-ის ტექნიკა შევიდა. მეცნიერთა, საზოგადოების წარმომადგენელთა და სტუდენტთა ნაწილმა ეს ფაქტი აქციით გააპროტესტეს. ისინი ძეგლზე "ვანდალიზმის შეწყვეტას" და ძეგლის სტატუსის აღდგენას ითხოვენ.

საყდრისში 2006 წლიდან ქართველ სპეციალისტებთან ერთად არქეოლოგიურ გათხრებს გერმანელი სპეციალისტებიც აწარმოებდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ძეგლი 5 ათასი წლისაა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შპს RMG GOLD-ს გაფრთხილება უკვე მისცა. სააგენტო კომპანიას მოუწოდებს, სამინისტროს შესაბამისი დასკვნის მიღებამდე მიწის სამუშაოები დაუყოვნებლივ შეაჩეროს. ამასთან, მათივე ცნობით, გაფრთხილებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიას დაეკისრება ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დადგენილი წესით.

RMG GOLD კი, აცხადებს, რომ კომპანია წიაღით სარგებლობის ლიცენზიით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საყდრისის სალიცენზიო ტერიტორიაზე მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს.

"ყოველგვარი საუბარი იმის შესახებ, რომ RMG GOLD თავისი ქმედებით ხელყოფს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობას ან არქეოლოგიურ ძეგლს, საფუძველს მოკლებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის ნ03/82 ბრძანებით შექმნილი კომისიის დასკვნის შესაბამისად, პრეისტორიულ პერიოდში ოქროს მოპოვება საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბანზე არ დასტურდება; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2013 წლის 5 ივლისის ნ03/108 ბრძანებით საყდრისის ობიექტს მოხსნილი აქვს "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის" სტატუსი; ზემოხსენებული ბრძანების საფუძველზე, პრეზიდენტის 2013 წლის 10 ივლისის ნ 563 ბრძანებულებით ობიექტს მოეხსნა "ეროვნული მნიშვნელობის" კატეგორია; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის ნ1436 დადგენილებით გაუქმდა არქეოლოგიური დაცვის ზონა. ასევე აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან 2013 წლის 26 სექტემბერს გაიმართა ამ საკითხთან დაკავშირებული სპეციალური თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ეროვნული მუზეუმის, მეცნიერებათა აკადემიისა და კომპანია ღმგ-ის წარმომადგენლები და კულტურის სამინისტროსთან არსებული კომისიის ექსპერტები. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მომხდარიყო საყდრისის ობიექტის არქეოლოგიური შესწავლა და შედეგების საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება კომპანიის მიერ ტერიტორიის შემდგომში ათვისების მიზნით. ამავე შეხვედრაზე მეცნიერებათა აკადემიას, როგორც სამეცნიერო-მეთოდოლოგიურ საკითხებში კომპეტენტურ ორგანიზაციას, დაევალა განეხორციელებინა ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის მონიტორინგი და ზედამხედველობა. შეთანხმების თანახმად, ახალი ფაქტებისა და/ან გარემოებების არ გამოვლენის შემთხვევაში კომპანიას მიეცემოდა აღნიშნული ტერიტორიის ათვისების უფლება, ხოლო ტერიტორიაზე არსებული ღირებული არქეოლოგიური არტეფაქტები გადატანილი და განთავსებული იქნებოდა სამუზეუმო სივრცეში. 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში განხორციელდა საყდრისის ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევა და დადგინდა, რომ: კვლევა მეთოდიკის სრული დაცვით განხორციელდა; მთელ ტერიტორიაზე ერთგვაროვანი სურათი დაფიქსირდა; ობიექტის კლდის ნაპრალებში, ჭრილებსა და კლდოვან ქანებში კულტურული ფენების არსებობა არ დადასტურდა; საყდრისის ტერიტორია არქეოლოგიური თვალსაზრისით სრულიად სტერილურია; ტერიტორიაზე არავითარი არტეფაქტი და ძველი მადნის დამუშავების არანაირი კვალი არ გამოვლინდა. ზემოხსენებული არქეოლოგიური კვლევის შედეგებს ადასტურებს, ერთის მხრივ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგიური სამუშაოების მიმღები კომისიის 2013 წლის 9 დეკემბრის ოქმი და ამ ოქმის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მიერ 2013 წლის 9 დეკემბერს გამოცემული ბრძანება (ნ2/185) არქეოლოგიური სამუშაოების მიღების შესახებ, ხოლო, მეორეს მხრივ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2013 წლის 3 დეკემბრის ნ010107-397/493 წერილი. შესაბამისად, კომპანია ღმგ საყდრისის საბადოს ტერიტორიას განიხილავს, როგორც კომპანიის ლიცენზიის ფარგლებში არსებულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიას, რომელზეც სამუშაოების მიმდინარეობისას გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება - რაიმე არქეოლოგიური არტეფაქტის გამოვლენისას შეაჩეროს სამუშაოები და მიმართოს დადგენილ პროცედურებს", - აცხადებს კომპანია.

კომენტარები