პროკურატურის ყოფილი თანამშრომლები

პროკურატურა: თანამშრომლების გათავისუფლების საფუძვლები გასაჯაროვდება

geonews.ge

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, უწყებიდან თანამშრომლების გათავისუფლების საფუძვლები უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. პროკურატურის განმარტებით, თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის ყველა პროცედურა კანონის დაცვით განხორციელდა. უწყება მოუწოდებს ყოფილ პროკურორებს - სასამართლოს მიმართონ.

"საზოგადოებაში აქტუალური განხილვის საგანი გახდა საქართველოს მთავარი პროკურატურიდან გათავისუფლებული პროკურორ-გამომძიებლების საკითხი. მთავარი პროკურატურა განმარტავს, რომ თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის ყველა პროცედურა კანონის დაცვით განხორციელდა. თუ რომელიმე ყოფილი მუშაკი თვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, კანონი შესაძლებლობას აძლევს, მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, უახლოეს დროში გასაჯაროვდეს ინფორმაცია იმ თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლების შესახებ, რომლებიც მასმედიის საშუალებით ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში გათავისუფლების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით", - აცხადებს მთავარი პროკურატურა და აღნიშნავს, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან უწყებაში მიიღეს 179 თანამშრომელი, ბოლო პერიოდში კი თანამდებობიდან 12 პროკურორ-გამომძიებელი გათავისუფლდა.

"ამავდროულად, გასაჯაროვდება დეტალური ინფორმაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავარ პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, მთავარი პროკურატურის ყოფილი თანამშრომლების ლევან ბუაძისა და გიორგი ნოზაძის თქმით, ისინი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. გუშინდელ პრესკონფერენციაზე მათ თქვეს, რომ უწყებაში კიბლაშვილის დანიშვნის შემდეგ მუშაობდნენ, განცხადებების დაწერა კი, ოთარ ფარცხალაძის მოადგილეებმა აიძულეს.

პროკურატურის ყოფილი თანამშრომლების თქმით, ისინი იმ გახმაურებულ საქმეებს იძიებდნენ, რომელთა გამოძიებაც ფარცხალაძეს არ სურდა. იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი განცხადების დაწერაზე უარს იტყოდნენ, საქმეში გენერალური ინსპექცია ერთვებოდა, რათა შრომის კანონმდებლობის დარღვევის პასუხისმგებლობა აეცილებინათ.

ბუაძე უახლოეს მომავალში სასამართლოს მიმართავს, ხოლო გიორგი ნოზაძემ სარჩელი უკვე შეიტანა.

კომენტარები