შინაგან საქმეთა სამინისტრო გასული, 2013 წლის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც გასული 12 თვის განმავლობაში ქვეყანაში 28 970 დანაშაული დაფიქსირდა, რაც 10 036 ერთეულით ნაკლებია 2012 წელზე. დანაშაულის კლების ოფიციალური მაჩვენებელი 25.7%-ს შეადგენს. შსს-ს ცნობით, გახსნის მაჩვენებელმა 40.9%-ით მოიმატა და 59.9%-ს შეადგენს.
შსს ასევე აქვეყნებს დეკემბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით და რეგიონების მიხედვით. 2013 წლის დეკემბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 1 470 ერთეულით იკლო, რაც 36.9%-ია, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27.4%-ით მოიმატა და 50.2%-ს შეადგენს.
შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები, წინა რამდენიმე შემთხვევის მსგავსად, დაჯამებული სახით არის მოცემული და არ არის გაშიფრული, რა ტიპის დანაშაულმა იკლო, ან მოიმატა, როგორი დანაშაულებების გახსნის მაჩვენებელია გაზრდილი და ა.შ. შსს-მ დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნება 2013 წლის მარტში შეწყვიტა. სამინისტროსგან არაერთმა მედიასაშუალებამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ მოითხოვა დანაშაულის დეტალური სტატისტიკური მონაცემების მიწოდება, თუმცა, უშედეგეოდ.
2013 წლის 31 მარტს გამოქვეყნებული ციფრების მიხედვით, საქართველოში იანვარ-თებერვალ-მარტში სულ რეგისტრირებული იყო 11 067 დანაშაული, რაც იმას ნიშნავს, რომ 2013 წელს მომხდარ დანაშაულთა 38.20% მხოლოდ 3 თვეში მოხდა.
შსს-ს მტკიცების პარალელურად, რომ დანაშაული ბოლო რამდენიმე თვეა იკლებს, სასამართლოებში თვიდან თვემდე იმატებს განსახილველი სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა, ასევე პროკურატურის მიერ სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი.
უზენაესი სასამართლოს ბოლო მონაცემებით, პირველი ინსტანციის სასამართლოებში 2013 წლის 11 თვეში 44%-ით მოიმატა განსახილველი სისხლის საქმეების რაოდენობამ.





