ნაფიცი მსაჯულები

ნაფიცმა მსაჯულებმა სისხლის სამართლის მე-7 საქმის განხილვა დაიწყეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა სისხლის სამართლის მეშვიდე საქმის არსებითად განხილვა დაიწყეს. საქმე ეხება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი მონაცემების შეტანისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტს. ბრალდებულები არიან ანდრია ჭულუხაძე, კახა გოჩაშვილი, გულნარა კახნიაშვილი და თამაზ კასრაძე. 

სასამართლოს განმარტებით, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა. სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა უნდა განხორციელდეს ნაფიც მსაჯულთა გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა ექვსი სისხლის სამართლის საქმე უკვე განიხილეს.

კერძოდ, 2013 წლის 21 დეკემბერს ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულ ნიკოლოზ და გიორგი ბეჟაშვილების მიმართ, გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს. გიორგი ბეჟაშვილს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა ედებოდა ბრალად, ხოლო ნიკოლოზ ბეჟაშვილს - ხულიგნობა. ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ბეჟაშვილი გაამართლეს და მის მიმართ წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სს კოდექსის 113-ე მუხლზე (მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), რომელშიც ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ მას სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2013 წლის 6 ნოემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ისტორიაში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით პირველი სასამართლო პროცესი ჩატარდა. მსაჯულები 2013 წლის ზაფხულში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავდნენ. განსასჯელს პროკურატურამ ბრალი ორი მუხლით წაუყენა. ბრალის პირველი ნაწილი ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობას, ხოლო მეორე ერთი პირის განზრახ მკვლელობას შეეხებოდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდების პირველ ნაწილში განსასჯელი გაამართლეს. მსაჯულებს უნდა ემსჯელათ ბრალის მეორე ნაწილის სასჯელზეც, თუმცა პროკურორის შუამდგომლობით, ნაფიცი მსაჯულების აცილება მოხდა და სასჯელის ზომა მოსამართლემ განსაზღვრა.

2013 წლის 6 სექტემბერს, ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. სასამართლომ ბრალდებულებს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ნაფიცი მსაჯულების 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, მეზობლების მკვლელობისა და დაჭრისთვის ბრალდებული 49 წლის ვაჟა ახალკაციშვილი განზრახ მკვლელობის ბრალდებაში გამართლდა. ნაფიცმა მსაჯულებმა მიიჩნიეს, რომ ახალკაციშვილმა მკვლელობა ძლიერი სულიერი აღელვებისას ჩაიდინა. თუმცა, მათ ბრალდებული დამნაშავედ ცნეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. სასამართლომ ახალკაციშვილს ორი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2012 წლის 14 ივნისს ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს გამამტყუნებელი ვერდიქტი და ბრალდებული დავით რუსიშვილი დამნაშავედ ცნეს 2011 წლის 17 ოქტომბერს, ზურაბ ტარყაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში.

ხოლო 2011 წლის 14 დეკემბერს, ნაფიცმა მსაჯულებმა რომეო სარქისოვი, ლევან კიკაბიძე და ვახტანგ ბეჟანიშვილი დამნაშავედ ცნეს. საქმე ეხებოდა 7 წლის წინ ორთაჭალის ციხეში მომხდარ დანაშაულს, როდესაც 98-ე საკანში 27 წლის ნოდარ მათიაშვილი ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლის დაკვეთით მოკლეს.

კომენტარები