სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

სოჭში უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები ამოქმედდა

სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები ამოქმედდა.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, შეიქმნა აკრძალული ზონები, სადაც მოხვედრა სპეციალური ნებართვის გარეშე შეუძლებელი იქნება.

აკრძალული ზონების საზღვრები ზუსტად არის განსაზღვრული და მისი ტერიტორიის ნაწილი ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე გადის აფხაზეთის ტერიტორიამდე.

სოჭში შესვლაზე კონტროლს სამართალდამცავი ორგანოებისა და შინაგანი ჯარების 30 ათასზე მეტი თანამშრომელი განახორციელებს.

უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები ქალაქში 21 მარტამდე იმოქმედებს.

სოჭის ოლიმპიური თამაშები, რომელიც დაახლოებით 50 მილიარდი დოლარი ჯდება, დასავლეთის მხრიდან კრიტიკის ფონზე ჩაივლის. უკვე ცნობილია, რომ თამაშებს დასავლეთის ბევრი ლიდერი არ დაესწრება, რის მიზეზადაც არაოფიციალურად რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები სახელდება. რუსეთმა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული კრიტიკა ახალი კანონის გამო დაიმსახურა, რომელიც ჰომოსექსუალობის პროპაგანდას კრძალავს. 

მიმომხილველების თქმით, კრემლის მიერ სოჭში მიღებული უსაფრთხოების ზომები უფრო მკაცრია ვიდრე, 2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე იყო.

კრემლის ამ გადაწყვეტილებას გასულ თვეს ვოლგოგრადში განხორციელებულ ტერაქტს უკავშირებენ, რომლის შედეგადაც 34 ადამიანი დაიღუპა, ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა რუსულმა მედიამ ის ჩრდილო-კავკასიელ უკანონო შეიარაღებულ ჯგუფებს დაუკავშირა.

კომენტარები