შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო

ზაქარეიშვილი: ყველას აქვს უფლება, შეაფასოს ჩვენი უწყების ახალი სახელი

ტაბულა

"შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის სახელწოდებასთან დაკავშირებით მოსაზრების გამოთქმა ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა", - ასე უპასუხა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ტაბულას კითხვას, თუ როგორ აფასებს ახალ სახელწოდებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, მათ შორის, პარლამენტის წევრის შოთა მალაშხიას პოზიციას, რომელმაც ახალი სახელი გააკრიტიკა.

"ჩვენს სახელმწიფოში სიტყვის თავისუფლებაა და ყველა მოქალაქეს, იქნება ეს შოთა მალაშხია თუ თამარ ჩხეიძე, აქვს უფლება, შეაფასოს ჩვენი უწყების ახალი სახელი და საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს. თავსი დროზე, ანუ 2008 წელს მეც გამოვეხმაურე ამ თანამდებობისთვის "რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის" დარქმევას და უარყოფითი პოზიცია დავაფიქსირე. რა თქმა უნდა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფელაბა ასევე აქვს მალაშხიას. ამ პოზიციას რომ ვიზიარებდეთ, სახლწოდება არ შეიცვლებოდა, მაგრამ რადგანაც შევცვალეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ასე მიგვაჩნია სწორად", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მთავრობის დადგენილებით, 2014 წლის 1 იანვრიდან "სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში" შეიცვალა სახელწოდებით - "სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში". სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ახალი სახელი შეიცავს ორ მიმართულებას - კონფლიქტებსა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას. კერძოდ, "შერიგების" კომპონენტი შეეხება კონფლიქტების მოგვარებას, ხოლო "სამოქალაქო თანასწორობა" - საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ინტეგრაციის საკითხები ეხებათ.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო მინისტრების თანამდებობები, ნაცვლად პრეზიდენტის ბრძანებულებისა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

ნაციონალური მოძრაობის წევრის შოთა მალაშხიას თქმით, რეინტეგრაციის სამინისტროს ახალი სახელწოდება - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო - იმ საერთაშორისო სამართალთან, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ჩამოყალიბდა, შეუსაბამოა. საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმით, მისთვის ასევე გაუგებარია, ოკუპაციის პირობებში რა შერიგებაზე საუბრობს მთავრობა. მალაშხიას განმარტებით, თუ ოსებთან, აფხაზებთან ან საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფ ქართველებთან შერიგება იგულისხმება, ამისთვის რეინტეგრაციის სამინისტროში შესაბამისი განყოფილების შექმნა შეიძლებოდა. მისი თქმით, სამოქალაქო თანასწორობა რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა სახის პრობლემების მოგვარებასაც გულისხმობს, რაც ნიშნავს, რომ პაატა ზაქარეიშვილმა პრობლემები დაიმატა.

კომენტარები