შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო

აბაშიძე: მთავრობა ქართველ და ოს ხალხს შორის შერიგების დაწყებას ცდილობს

timer.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ აბაშიძის თქმით, რეინტეგრაციის სამინისტროს სახელის შეცვლით, მთავრობა ქართველ და ოს ხალხს შორის შერიგების პროცესის დაწყებას ცდილობს. სამინისტროს მეორე პრიორიტეტად კი, ზურაბ აბაშიძე რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციას მიიჩნევს.

აბაშიძე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ბორის ჩოჩიევის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც ის მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს ურჩევს, სამინისტროსთვის სახელის შეცვლის ნაცვლად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.

"რა თქმა უნდა, მათი პოლიტიკური გზავნილი იქნებოდა ასეთი, - თქვა ზურაბ აბაშიძემ, - ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივ ურთიერთობებზე. ჩვენ ვსაუბრობთ ხალხთა შორის ურთიერთობებზე და არა რომელიმე კონკრეტული ჩინოვნიკის მოსაზრებებზე. დე ფაქტო მთავრობა წარმოადგენს რუსულ მხარეს უფრო მეტად, ვიდრე თავისი ხალხის ინტერესებს".

ზურაბ აბაშიძემ პაატა ზაქარეიშვილის მიერ რუსული BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუზეც ისაუბრა. დეპუტატის თქმით, საქართველოს მთავრობას არასდროს ჰქონია მოლოდინი, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ, რუსეთი ქვეყნის მიმართ პოზიციას შეიცვლიდა. თუმცა, აბაშიძე მიიჩნევს, რომ პუტინის მხრიდან დათბობის პოლიტიკის ტენდენციები შეინიშნება, რაც მისასალმებელია. მისივე თქმით, თუკი რუსეთთან ურთიერთობების შერბილება ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, მაშინ მთავრობა ამ მხრივ სახელმწიფო ინტერესებს დაიცავს და ევროპისკენ სვლას არ შეაჩერებს. ეს უკანასკნელი კი ქვეყნის გამთლიანებას ბუნებრივად შეუწყობს ხელს.

"ჩვენ ამ ნაბიჯებს მივესალმებით, თუმცა, ეს ვერ მოხდება ქართული სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. თუ რუსეთი გაგვიხსნის ჩვენ სავიზო რეჟიმს და რუსეთის ბაზარი იქნება საქართველოსთვის ყველაზე პრიორიტეტული, ამის ხარჯზე საქართველო არ დათმობს თავის ტერიტორიას. ეს არის აბსურდი", - თქვა აბაშიძემ.

კომენტარები