საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: მამა გაბრიელის მეოხება მლოცველთ 7 იანვრამდეც ექნებათ და შემდეგაც

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო მამა გაბრიელის საფლავზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. 

"ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ვინც 7 იანვრამდე მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავს მოინახულებს და რაიმეს შესთხოვს, ყველაფერი აუსრულდება. ჯერ ერთი, ღვთის წინაშე მამა გაბრიელის მეოხება მლოცველთ 7 იანვრამდეც ექნებათ და 7 იანვრის შემდეგაც. მეორეც, არ შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს ის ნათქვამიც, თითქოს ყველას ყველა სურვილი აუსრულდება, რადგან ხორციელდება ის თხოვნები, რაც ღვთის სათნოა და, რაზეც უფლის ნებაა და არა ნებისმიერი ნატვრა. საერთოდ, დიდ დღესასწაულებზე ეკლესიაში განსაკუთრებული მადლი ტრიალებს და ამ დროს განსაკუთრებულად გულმხურვალედ უნდა ვევედროთ უფალს. დგება შობის ბრწყინვალე ზეიმი. დაე, იესო ქრისტეს წყალობა და ლოცვა-კურთხევა არასოდეს მოაკლდეს საქართველოს და თითოეულ ჩვენგანს", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

ცნობისთვის, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სამთავროს დედათა მონასტერში ხალხის ნაკადი არ წყდება. იქ მისულები ამბობენ, რომ დედა პარასკევას გამოცხადება ჰქონდა. მათი თქმით, მონაზონმა ნახა ბერი გაბრიელი, რომელმაც უთხრა, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შობამდე მცხეთაში მის საფლავთან, ან ციხისჯვარში, მამა გაბრიელის სახელობის მონასტერში მივიდოდა, რწმენით ნათხოვნი ორი სურვილი შეუსრულდებოდა. თავად დედა პარასკევამაც გუშინ როგორც აღნიშნა, მამა გაბრიელმა მინიშნება მისცა, რომ მლოცველებს სურვილებს შეუსრულებდა.

აღნიშნული დაგმო სასულიერო პირთა ნაწილმა.

დღეს კი, მცხეთის დედათა მონასტრის მონაზონმა დედა პარასკევამ განმარტება გააკეთა. მისი თქმით, მამა გაბრიელის საფლავს სთხოვა, რომ ხალხისთვის სურვილები შეესრულებინა. როგორც მონაზონმა სააგენტო ინტერპრესნიუსს უთხრა, არ ჰქონია არც გამოცხადება და არც ხილვა.

კომენტარები