ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი

ჩოჩიევი: მნიშვნელობა არა აქვს საქართველოში რას დაარქმევენ სამინისტროებს

ბორის ჩოჩიევი

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბორის ჩოჩიევი მიიჩნევს, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში და რა სახელი დაერქმევა სამინისტროებს. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილი არ ყოფილა, არ არის და არც იქნება.

აღნიშნული მოსაზრება ბორის ჩოჩიევმა ოსური საინფორმაციო სააგენტოს Рес-ის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ეხებოდა პაატა ზაქარეიშვილის უწყების სახელის ცვლილებას. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში 2014 წლის იანვრიდან შეიცვალა სახელწოდებით - სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

"რომელ დაბრუნებაზე შეიძლება ვისაუბროთ, როცა სამხრეთ ოსეთი არასდროს არ ყოფილა საქართელოს შემადგენლობაში? საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა და საქართველო ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, ეს ორი სხვადასხვა რამაა. სამხრეთ ოსეთი არასდროს არ ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში და არც იქნება. როგორი ლამაზი სიტყვებიც არ უნდა ისმოდეს თბილისიდან, ჩვენ უნდა გვახსოვდეს: ქართული სახელმწიფოებრიობა, მიუხედავად იმისა, ვინ მართავს მას, ეფუძნება ლოზუნგს "საქართველო ქართველებისთვის". შენ უნდა გახდე ქართველი, ან იქნები მეორეხარისხოვანი მოქალაქე. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება", - განუცხადა ჩოჩიევმა ოსურ საინფორმაციო სააგენტოს.

მისივე თქმით, საქართველო აღიარების გარეშე სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებს ვერ დაალაგებს.

"ჩვენთვის მნიშველობა არა აქვს ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში, როგორ გვარს ატარებენ პრეზიდენტი და მინისტრები და მითუმეტეს, რას დაარქმევენ იქ სამინისტროებს. საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიტაცება და ჩვენი - ოსების განადგურება და მშობლიური მიწიდან განდევნა სურს. როგორი წინადადებაც არ უნდა შემოგვთავაზოს საქართველომ, მისი განხილვა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მე პაატა ზაქარეიშვილს უფრო შორსმჭვრეტელ და რეალისტ პოლიტიკოსად მივიჩნევდი. სამწუხაროდ, მისი განცხადებები საპირისპიროსზე მეტყველებენ. მე მას ვურჩევდი, სამინისტროს სახელწოდების შეცვლაზე კი არა, სამხრეთ ოსეთის აღიარებასა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ფიქრს ვურჩევდი, თუ საქართველოს სურს სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების დარეგულირება", - განაცხადა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბორის ჩოჩიევმა.

ჩოჩიევის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელია ჰუმანიტარული შინაარსის შეთავაზებები, თუმცა, ცხინვალის ხელისუფლებამ გადაწყვეტილებები "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს".

კომენტარები