კომუნიკაციების ეროვნული კომისია

პრეზიდენტმა კომუნიკაციების კომისიის წევრის შესარჩევად განკარგულება გამოსცა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა.

"1. "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, 2014 წლის 3 იანვრიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ყველას კონკურსის გამოცხადებიდან ოცდაათი დღის განმავლობაში.

3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე", - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იქნეს:
ა) მსურველის წერილობითი განცხადება ან წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წარდგენილი პირის თანხმობა;
ბ) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) უმაღლესი განათლების (შესაბამისი სპეციალობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) არანაკლებ 10 წლის (აქედან 3 წელი მმართველ თანამდებობაზე) მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) ხელწერილი, რომ პირი გაეცნო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრისათვის "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლით დადგენილ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს;
თ) სარეკომენდაციო წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

5. საბუთები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან ოცდაათი დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. N1, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია;

6. კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ადმინისტრაცია შექმნის საკონკურსო კომისიას და განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საჭირო ღონისძიებებს.” - წერია განკარგულებაში.

კომენტარები