საქართველოს პრეზიდენტი

მარგველაშვილი: არ მგონია, სავალდებულო იყოს ყველა თემაზე კომენტარის გაკეთება

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, საზოგადოება ჰიპერაქტიურ პრეზიდენტსაა შეჩვეული.


"საქმე ისაა, რამდენად აქტუალურია მოვლენა იმ თვალსაზრისით, რომ ამაზე მაინც და მაინც პრეზიდენტმა გააკეთოს განცხადება. ჩვენ შეჩვეული ვართ აქტიურ პრეზიდენტს კი არა, ჩვენ შეჩვეული ვართ ჰიპერაქტიურ პრეზიდენტს, ჰიპერგაზრდილი უფლებების და პასუხისმგებლობის კონსტიტუციაში. ჩვენ ვიცით, რომ წინა კონსტიტუცია იყო სრულიად დაუბალანსებელი და ამ დაუბალანსებელ კონსტიტუციაში გვყავდა ჰიპერაქტიური პრეზიდენტი, რომელიც თავის შეხედულებას ნებისმიერ საკითხზე აფიქსირებდა - არქიტექტურაზე, მეტეოროლოგიაზე, უცხოპლანეტელებზე და ა.შ.

შესაბამისი იყო ის პოლიტიკური გუნდიც, რომელიც შემდეგ ამას განავრცობდა. მე არ მგონია რომ ახალი თანამედროვე ევროპული ტრადიციისთვის, იმ ტრადიციისთვიის, რომელსაც ჩვენ ვნერგავთ, რომელშიც არის ძალიან მკვეთრად განსაზღვრული, ვის რა პასუხისმგებლობა გააჩნია, სავალდებულო იყოს ყველა თემაზე მოხდეს კომენტარის გაკეთება. პრეზიდენტი გააკეთებს კომენტარებს თემებზე, რომელიც უფრო შეეხება გლობალურ საკითხებს, ვიდრე რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარებს",-თქვა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, ის ფორმატი, რომლითაც ოთარ ფარცხალაძის თემაზე მიმდინარეობდა მსჯელობა, მისთვის მისაღებია, იმიტომ, რომ ყველა ძალიან ღიად გამოხატავდა თავის პოზიციას.

"ეს ფორმატი არის გარანტი ჩვენი დემოკრატიულობის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ფორმატში ყველა საკითხზე მე ჩემი აზრი უნდა დავაფიქსირო, რომელიც ბუნებრივია გამაჩნია, მაგრამ არ არის სავალდებულო, რომ მე ამ შემთხვევაში ისე მოვიქცე, როგორც ვიქცეოდი, როგორც აქტიური მოქალაქე",-აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები