თბილისის ბიუჯეტი

მერის მოადგილე: 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის შეცვლას არ ვაპირებთ

Wikipedia

თბილისის მერის მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის შეცვლას არ აპირებს. მისი თქმით, ბიუჯეტში თანხები ზუსტად იმ მოცულობით არის გაწერილი, რაც სჭირდება ამა თუ პროექტს. პეტრიაშვილის განცხადებითვე, ტყუილია ის, რომ ბიუჯეტი სოციალური დახმარებისკენ ორიენტირებული არ არის. მისი თქმით, ბიუჯეტის მოცულობის 22% სოციალური და ჯანდაცვის ხარჯებისკენ არის მიმართული. პაპუნა პეტრიაშვილის განმარტებით, არც ერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალურ ხარჯებზე ამ მოცულობის თანხები გათვალისწინებული არ არის. 

"ცვლილებები ბიუჯეტში არ იქნება, ცვლილებები შეიძლება იყოს ბიუჯეტის იმ 1-2%-ის ფარგლებში, რაზეც გუშინ იყო საკრებულოში დავა, მაგრამ ეს არის იმდენად უმნიშვნელო, რომ ბიუჯეტის მიღება-არმიღების საფუძველი არ უნდა გახდეს. როდესაც 800-მილიონიანი ბიუჯეტიდან მხოლოდ 7-8 მილიონზეა საუბარი, ეს არც ერთ ქვეყანაში ბიუჯეტის ჩაგდების წინაპირობა არ არის", - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

პეტრიაშვილის თქმით, რაც უფრო დიდხანს არ დამტკიცდება დედაქალაქის ბიუჯეტი, ქალაქს მით უფრო დიდი პრობლემა ექნება. მერის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საკრებულო მალე შეიკრიბება და დაამტკიცებს მერიის მიერ წარდგენილ 2014 წლის ბიუჯეტს, რომლის მოცულობა 785 მილიონი ლარია.

"ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა პრობლემებს შეუქმნის ისეთ მსხვილ პროექტების განხორეციელებას, როგორიც არის ავტობუსების შესყიდვა, 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, კომუნალური ვაუჩერის დასაფინანსებელ ხარჯებს და ა.შ. ჩვენ ახლა ვმუშაობთ სხვა პროგრამების თანხების გადანაწილებაზე, რათა იანვარში ამ მიზეზით პრობლემები არ შეიქმნას", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდება. დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა. 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.

კომენტარები