მიხაელ შუმახერი საავადმყოფოში

ფორმულა ერთის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი კომაშია

phombo.com

ფორმულა ერთის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი კომაშია. მან მძიმე ტრავმა საფრანგეთში, მერიბელის კურორტზე თხილამურებზე სრიალის დროს მიიღო.

ადგილობრივ ჰოსპიტალში შუმახერი უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. ექიმების განცხადებით, ლეგენდარული ავტომრბოლი კრიტიკულ მდგომარეობაშია და მას ნეიროქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. თვითმხილველების მტკიცებით, შუმახერი თავის 14 წლის შვილთან ერთად სრიალებდა, სასრიალო ტრასიდან გადავიდა და თავი ქვას დაარტყა.

მიხაელ შუმახერი ფორმულა ერთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ავტომრბოლად ითვლება. მას არაერთი რეკორდი ეკუთვნის, მათ შორის უმთავრესი შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონობაა, რომელთან ახლოსაც მოქმედ მრბოლებში 4 ჯილდოთი, მხოლოდ სებასტიან ფეტელია.

შუმახერს ფორმულა ერთის ისტორიაში ყველაზე მეტი, 91 რბოლა აქვს მოგებული, მეორეადგილოსან ალენ პროსტს კი -მხოლოდ 51. 2002 წელს ფერარის მანქანით მოასპარეზე მრბოლმა დღემდე უცვლელი რეკორდი დაამყარა და წლის ყველა რბოლაზე სამეულში შესვლა, პოდიუმზე ასვლა მოახერხა.

შუმახერი მსოფლიოს ჩემპიონი ორჯერ ბენეტონის ბოლიდით გახდა, ხუთჯერ ფერარის მანქანით ასპარეზობისას. 2006 წლის სეზონის შემდეგ ფორმულა ერთიდან წავიდა. 2010-12 წლებში უკან დაბრუნდა და მერსედესის ღირსებას იცავდა. 2012 წელს კი კარიერა კიდევ ერთხელ დაასრულა. 

კომენტარები