თბილისის ბიუჯეტი

თბილისის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა

timer.ge

თბილისი 2014 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდება. დედაქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თბილისის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო პროექტი ჩააგდო. 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 21-მა დეპუტატმა მისცა. 18-მა მხარი დაუჭირა, 3-მა თავი შეიკავა. საბიუჯეტო პროექტის დამტკიცებას 24 ხმა სჭირდებოდა.

კენჭისყრას წინ ხანგრძლივი დებატები უძღოდა. უმრავლესობა აკრიტიკებდა თანხების განაწილების პრინციპს და თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს.დეპუტატებმა შენიშვნები გამოთქვეს ბიუჯეტის პროექტში ჩადებულ პროგრამებზე, რომელიც შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, კომუნალური ვაუჩერის პროგრამას, უფასო და შეღავათიანი ტრანსპორტით მომსახურებას, რაიონების მიხედვით განსაზღვრულ სოციალურ დახმარებებს და წყალმომარაგების მოწესრიგებისათვის განსაზღვრულ ღონისძიებებს.

კენჭისყრის დაწყების წინ საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა კოლეგებს შესთავაზა, რომ საბიუჯეტო პროექტის დამტკიცების საკითხი კენჭისყრაზე საერთოდ არ დამდგარიყო და ბიუჯეტის მიღება ერთი თვით გადაედოთ.

 

კომენტარები