სასჯელაღსრულების სამინისტრო

სასჯელაღსრულების სისტემის 2 თანამშრომელს ბრალი წარედგინა

http://www.mcla.gov.ge/

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცნობით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს თანამშრომელს  ნ.ხ-სა და სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების კონტროლიორს ბ.ა-ს 342 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ბრალი წარედგინათ.

აღნიშნული მუხლის გულისხმობს  პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხელის მიერ შესაბამის დაწესებულებაში დადგენილი წესის შეუსრულებლობას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5 წლამდე ვადით.

"გამოძიების თანახმად, 2013 წლის 2 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს,  ბრალდებულის საკანში ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა დაევალა.

2013 წლის 10 დეკემბერს  ბრალდებულ დ.ბ-ს განთავსების საკანზე მუდმივ ვიზუალურ ელექტრონულ მეთვალყურეობას ახორციელებდა ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ინსპექტორი ნ.ხ., რომელსაც ბრალდებულ დ.ბ-ს ქცევაზე მუდმივი დაკვირვება ევალებოდა, მის მიერ დანაშაულის, თვითმკვლელობის მცდელობის, თვითდაზიანების ან სხვა კანონდარღვევებზე დროული რეაგირებისა და დაწესებულების ხელმძღვანელობის ინფორმირების მიზნით.

ამავე დღეს, ბრალდებულის განთავსების საკანზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებდა კონტროლიორი ბ. ა., რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა ყოველ 10-15 წუთში ერთხელ, სათვალთვალოს მეშვეობით განეხორციელებინა მასზე ზედამხედველობა და ვიზუალური კონტროლი.

ნ.ხ-მ და ბ.ა-მ აღნიშნული წესის, შესაბამისი ინსტრუქტაჟისა და გაფრთხილების მიუხედავად, სამსახურებრივ მოვალეობების შესრულებისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, არ შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა, რის შედეგადაც ბრალდებულ დ.ბ-ს მიეცა შესაძლებლობა საკუთარი მაისურით გაკეთებული მარყუჟი დაემაგრებინა საკანში არსებულ სარკმლის დამცავ რკინის გისოსზე და სიცოცხლე  თვითმკვლელობით დაესრულებინა.

ამავე ფაქტზე სისტემიდან დაითხოვეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 3 თანამშრომელი, ხოლო სამი დისციპლინური წესით დაისაჯა და საყვედური გამოეცხადა.

ბრალდებულ დ.ბ-ს თვითმკვლელობის ფაქტი სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში 2013 წლის 10 დეკემბერს  დაფიქსირდა. ამავე დღეს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა საქმის გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, თუმცა გამოძიების შემდგომ გამოიკვეთა თანამშრომლების ბრალეულობა, რაც გათვალისწინებულია 342-ე პრიმა მუხლით და ბრალი მათ სწორედ ამ მუხლით წარედგინათ," - ნათქვამია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები