პარლამენტი

არასამთავრობოების პროტესტი პარლამენტში

facebook.com/chiora.taktakishvili

მოწმეთა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესის გადავადებასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრებმა საკუთარი უარყოფითი პოზიციაპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დააფიქსირეს.

პარლამენტი განიხილავს სისხლის სამართლის საპროცესიო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვით, მოწმეთა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის მოდელი ორი წლით - 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადავადდეს. კანონპროექტს პარლამენტის წინაშე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია წარადგენს.

საკითხზე მსჯელობის დროს პარლამენტის ლოჟიდან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გადაფინეს პლაკატები, შემდეგი შინაარსით: "ადამიანის უფლებები ორი წელი ვერ მოიცდის", "უთხარით უარი გადავადებას", "დაიცავი დაცვის უფლება". მათ ამ ინიციატივას საპარლამენტო უმცირესობა ტაშით შეხვდა.

თუმცა, პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივანზე მალევე მივიდნენ მანდატურები, რომელთაც გადმოფენილი პლაკატები აიღეს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ლოჟა დაატოვებინეს.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში პლაკატების გადმოფენისთვის წინასწარი თანხმობა და ნებართვაა საჭირო.
"ვთხოვ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს: როდესაც გსურთ მსგავსი ტიპის პლაკატების გამოკვრა, ამისთვის წინასწარ არის ნებართვა საჭირო. რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის, რომ თქვენ აქ დემონსტაციულად გადმოფინოთ გარკვეული სახის პლაკატები. ამას სჭირდებოდა წინასწარი თანხმობა და თანხმობა უნდა აგეღოთ", - აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები