შობა

ღარიბაშვილი კათოლიკეებს შობას ულოცავს

თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკური ეკლესია

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კათოლიკეებს შობას ულოცავს.

"დღეს მსოფლიო საქრისტიანოს დიდი ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ქრისტეს დაბადება არის დასაწყისი ევროპული ცივილიზაციის, სრულიად ახალი კულტურის, სამყაროს მიმართ ახალი დამოკიდებულების. მაცხოვრის შობა არის პირველ რიგში სიკეთის, ჰუმანიზმის დღესასწაული.

ვულოცავ ამ დღეს ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც 25 დეკემბერი დიდი დღესასწაულია. ვუსურვებ მათ ბედნიერებას, კეთილდღეობას და დიდ წარმატებას მშვიდობიან საქართველოში", - ნათქვამია პრემიერმინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის კათოლიკური ეკლესიის საკათედრო ტაძარში გვიან ღამით გამართულ საშობაო წირვას თბილისის უფლებამოსილებაშეწყვეტილი მერი გიგი უგულავა დაესწრო. 2012 წლის შობისგან განსხვავებით, კათოლიკურ ტაძარში არ იმყოფებოდნენ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ქრისტიანული ეკლესიების დიდი ნაწილი, გარდა რამდენიმე მართლმადიდებელი ეკლესიისა, ქრისტეშობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. 

კომენტარები