ვანო მერაბიშვილის საქმე

სუბარი: არსებობს თუ არა მერაბიშვილის საკნის ვიდეოჩანაწერი, მოკვლევა დაადგენს

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, არსებობს თუ არა ვანო მერაბიშვილის საკნის ვიდეოჩანაწერი, ამას მოკვლევა დაადგენს. მისივე თქმით, ასევე დადგინდება, არის თუ არა რამე იმ ჩანაწერებში და რამდენ დღეს ინახება. სუბარი აღნიშნავს, რომ მოკვლევის შედეგები ცნობილი გახდება როგორც საზოგადოებისთვის, ისე – დაინტერესებული მხარეებისთვის.

"ჩვენ მოკვლევა დავიწყეთ 20 დეკემბერს, როცა მივიღეთ ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადება. ამ დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ვთქვი, რომ 10 დღე ინახება ვიდეოკამერის ჩანაწერები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურში არსებობს ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველო. არის სფეროები, სადაც სამინისტრო განსაზღვრავს პოლიტიკას, თუმცა არის დეტალები, მათ შორის უსაფრთხოება, რაშიც ნაკლებად ვერეოდი და ნაკლებად ვიყავი ჩახედული. მოკვლევის შემდეგ ყველა დეტალი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. არსებობს თუ არა ვანო მერაბიშვილის საკნის ვიდეოჩანაწერი, ამას მოკვლევის დასრულების შემდეგ გაიგებთ", - განაცხადა სუბარმა და აღნიშნა, რომ სამინისტრო განსაზღვრავს მხოლოდ პოლიტიკას და არა - ყველა ტექნიკურ საკითხს.

"ტექნიკური საკითხები დელეგირებულია ქვედა რგოლებზე, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა, რომლის ყველა დეტალი საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის ცნობილი გახდება. ჩანაწერები არის საიდუმლოება, რომლის მხარეებისთვის გადაცემის უფლებაც კი არ გვაქვს. მოკვლევას აქვს სამთვიანი ვადა, მაგრამ ეს სამ თვეს არ გაგრძელდება. გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც ზუსტად დასჭირდება კონკრეტული საქმის შესწავლას. შესაძლოა, მასალები იყოს სანახავი, ვიღაც იყოს დასაკითხი, რასაც დრო სჭირდება", - განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, 13 დეკემბერს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. მან ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, კადრების გადაცემას, ასევე, გამოძიების პროცესში, სასჯელაღსრულების მინისტრისთვის და მთავარი პროკურორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან 10-17 დეკემბრის ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა გამოითხოვა. 19 დეკემბერს კი, სოზარ სუბარმა თქვა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კადრები როგორც წესი, ავტომატურ რეჟიმში 10 დღეში იშლება და ეს საკითხი არა მას, არამედ სამინისტროში არსებულ IT დეპარტამენტს ეხება. თუ დეპარტამენტი აღნიშნული წესით ხელმძღვანელობს, ვანო მერაბიშვილის მოთხოვნილი ჩანაწერები უკვე წაშლილი უნდა იყოს.

ამასთან, სასჯელაღსრულების სამინისტრომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ვანო მერაბიშვილის მიმართ სასჯელაღსრულების #9 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

კომენტარები