უკრაინა

უკრაინაში შესვლა სააკაშვილს და საქართველოს კიდევ 29 მოქალაქეს აეკრძალათ

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა მმართველი რეგიონების პარტიიდან ოლეგ ცარიოვმა განაცხადა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა, სავარაუდოდ, დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და უცხო ქვეყნების 36 მოქალაქეს უკრაინაში შესვლა აუკრძალა.

"ჩემი ინფორმაციით, ყველა მათგანი პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული", - განუცხადა ცარიოვმა გამოცემა კომერსანტ-უკრაინას. მისი განცხადებით, ამ სიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და კიდევ საქართველოს 29 მოქალაქე შედის.

საქართველოს მოქალაქეების გარდა, სიაში არიან აშშ-ის, სერბეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. დეპუტატის განცხადებით, პირები, რომლებსაც მისი ინიციატივით ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ, უკრაინაში „დესტაბილიზაციის მცდელობაში" მონაწილეობდნენ.

"სააკაშვილს აქ საერთოდ არაფერი ესაქმება, წავიდეს საქართველოში და ქართველ ხალხს შეხვდეს. ის აქ ჩამოვიდა გუნდით, რომელიც ვარდების რევოლუციას აწყობდა. ისინი უკრაინაში დაბანაკდნენ და რევოლუციის მოდერატორები იყვნენ, რომლის ორგანიზებასაც ოპოზიცია ცდილობდა", - განაცხადა დეპუტატმა.

გამოცემას მოჰყავს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის გიორგი ზაქარაშვილის კომენტარი, რომელიც ადასტურებს, რომ 21 დეკემბერს საქართველოს მოქალაქეს - ბიზნესმენ გიორგი კიკვაძეს, უკრაინის საზღვრის გადაკვეთა აეკრძალა და ის საქართველოში დაბრუნდა. მანამდე კი, დიპლომატის თქმით, კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში რუსთავი 2-ის ჟურნალისტი დავით კაკულია და კიდევ ერთი ადამიანი არ შეუშვეს. ზაქარაშვილის თქმით, საელჩომ ამ საკითხის გასარკვევად უკრაინის საგარეო უწყებას მიმართა.

შეგახსენებთ, 10 დეკემბერს კიევში ყოფნისას ტაბულას ჟურნალისტებს დიმიტრი ავალიანსა და ილია ძულიაშვილს უკრაინის უშიშროებისა და საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ ქვეყანაში შესვლა აკრძალული აქვთ და უკრაინა ერთი დღის ვადაში უნდა დაეტოვებინათ.

საპროტესტო გამოსვლები უკრაინაში ევროკავშირთან ასოცორების ხელშეკრულების ხელმოწერის მოთხოვნით და ხელისუფლების წინააღმდეგ 21 ნოემბრიდან მიმდინარეობს. 

კომენტარები