ვანო მერაბიშვილის საქმე

ომბუდსმენის აპარატი: არ ვიცით, გამოვითხოვეთ თუ არა მერაბიშვილის ფირი

ombudsman.ge

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში არ იციან, ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, ომბუდსმენმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოითხოვა თუ არა ვიდეოჩანაწერები. სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურში ტაბულას ამ კითხვაზე პასუხს ვერ სცემენ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ომბუდსმენის აპარატში აცხადებდნენ, რომ უჩა ნანუაშვილი დღეს, 23 დეკემბერს მიმართავდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და ვიდეოფირებს გამოითხოვდა.

მანამდე, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა თქვა, რომ კადრები ავტომატურ რეჟიმში 10 დღეში იშლება და ეს საკითხი არა მას, არამედ სამინისტროში არსებულ IT დეპარტამენტს ეხება. 19 დეკემბერს მინისტრმა განაცხადა, რომ არ იცის, წაიშლება თუ არა ვანო მერაბიშვილის საპყრობილიდან გაყვანის ამსახველი ჩანაწერები.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან 10-17 დეკემბრის ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა გამოითხოვა. შესაბამისად, თუ სასჯელაღსრულების სამინისტროს IT სამსახური ამ შემთხვევაშიც დადგენილი წესით ხელმძღვანელობს, მერაბიშვილის განცხადებაზე მოთხოვნილი ჩანაწერების ნაწილი უკვე წაშლილი უნდა იყოს, ხოლო კონკრეტულად ის კადრები, რაზეც ყოფილი პრემიერი საუბრობს, ამაღამ წაიშლება.

ვანო მერაბიშვილმა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, 13 დეკემბერს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. მან ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, კადრების გადაცემას, ასევე, გამოძიების პროცესში, სასჯელაღსრულების მინისტრისთვის და მთავარი პროკურორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის მიმართ სასჯელაღსრულების #9 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

კომენტარები