ვანო მერაბიშვილის საქმე

სასჯელაღსრულების სამინისტრომ მერაბიშვილის ბრალდებაზე შემოწმება დაიწყო

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის მიმართ სასჯელაღსრულების #9 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"2013 წლის 20 დეკემბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის დავალებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ადვოკატ დავით ხაჟალიას განცხადების საფუძველზე, ბრალდებულ ივანე მერაბიშვილის მიმართ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #9 დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. სამსახურებრივი შემოწმების შედეგის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, 13 დეკემბერს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. მან ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, კადრების გადაცემას, ასევე, გამოძიების პროცესში, სასჯელაღსრულების მინისტრისთვის და მთავარი პროკურორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

კომენტარები