საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის ახალ ოფისს სტამბოლში ნიკა გილაური უხელმძღვანელებს

საქართველოს ბანკმა სტამბოლში წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა. საქართველოს ბანკის ფილიალს თურქეთში საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და ბანკის გენერალური დირექტორის ძმა, ნიკა გილაური უხელმძღვანელებს.

როგორც საქართველოს ბანკში აცხადებენ, სტამბოლში ბანკის წარმომადგენლობითი ოფისი ფოკუსირებული იქნება თურქეთის ფინანსურ ინსტიტუტებთან და ბიზნესწრეებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე. ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს ბანკმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ინვესტიციებისა და ვაჭრობის მნიშვნელოვანი მოცულობის გათვალისწინებით გადაწყვიტა. 

"ბანკი აფართოებს მის საერთაშორისო მიმართულებას. ათწლეულზე მეტია, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ტურისტების დიდი ნაკადი შემოდის. თურქეთთან ვაჭრობის მოცულობამ, 2012 წელს, დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. საქართველოში თურქული ინვესტიციების ოდენობა კი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, რაც ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ეჭვგარეშეა, რომ თურქეთი, მომავალი წლების განმავლობაში, დარჩება საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, საქართველოს ბანკის დიდ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოვახდინოთ იმ ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაცია, რომელიც ორ ქვეყანას შორის მზარდი პარტნიორობიდან გამომდინარეობს", - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა. 

სტამბოლის ოფისი თელ ავივის, ლონდონისა და ბუდაპეშტის შემდეგ, საქართველოს ბანკის რიგით მეოთხე უცხოური წარმომადგენლობაა. 

კომენტარები