ვანო მერაბიშვილის საქმე

არასამთავრობოები: პროკურატურას არ აქვს არჩევანი, დაიწყებს თუ არა გამოძიებას

12 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს. არასამთავრობოები ერთობლივ წერილში აღნიშნავენ, რომ მერაბიშვილის განცხადების გავრცელების შემდეგ, ცხარე დისკუსია გაიმართა იმის შესახებ, უნდა დაიწყოს თუ არა აღნიშნულ საკითხზე გამოძიება.

"საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, "დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება". იმავე კოდექსის 101-ე მუხლი აღნიშნულ დანაწესს კიდევ უფრო აკონკრეტებს და მიუთითებს შემდეგს: "გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში". გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურას მოცემულ შემთხვევაში არ აქვს არჩევანი დაიწყებს თუ არა გამოძიებას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლი ცალსახად და არაორაზროვნად ადგენს ამ ვალდებულებას. გამოძიების დაწყება-არდაწყების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული არ არის ვის სჯერა დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციის ნამდვილობა და ვის არა! ვწუხვართ, რომ ასეთი მარტივი განმარტებების გაკეთება გვიწევს. ამასთან, გამოძიების დაწყების აუცილებელი პირობა არ არის ივანე მერაბიშვილის ან ვინმე სხვა პირის მიერ ოფიციალური განცხადების საგამოძიებო ორგანოში წარდგენა. როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლშია მითითებული, მსგავსი ინფორმაციის მხოლოდ მასმედიით გავრცელებაც წარმოშობს გამოძიების დაწყების ვალდებულებას", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მსჯელობა იმ საკითხზე - უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება, სხვა არაფერია თუ არა მსჯელობა იმის შესახებ, უნდა შეასრულოს თუ არა პროკურატურამ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებები.

"ასევე, გვსურს გამოვეხმაუროთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო, ვიდეოკამერების ჩანაწერის ნახვა ვერ მოხდება. მინისტრის ამ განცხადების საწინააღმდეგო წესია დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ: "სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანების მე-8 პუნქტის თანახმად, "საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ... სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულს".  ი.მერაბიშვილის განცხადებაში არსებული ინფორმაცია (თუ ის სიმართლეა), ცხადია, მხოლოდ მთავარი პროკურორის სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებაზე არ მიუთითებს. ზოგადად, საკნიდან პატიმრის კანონით დადგენილი წესის დარღვევით გამოყვანა და სხვა ტერიტორიაზე გადაყვანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობის გარეშე ვერ მოხდება. შესაბამისად, ი.მერაბიშვილის განცხადებაში არსებული ინფორმაციის იმ ნაწილის საფუძველზე, სადაც შესაძლებელია არსებობდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მონაწილეობა და რაც სავარაუდოდ ამ დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ტერიტორიაზე მოხდა, გამოძიება უნდა დაიწყოს "სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის" (და არა პროკურატურის) გამომძიებლებმა. როგორც აღვნიშნეთ, ამ ვალდებულებას ადგენს იუსტიციის მინისტრის ზემოთ მითითებული ბრძანება, რაც სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის შესასრულებლად სავალდებულოა. ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია სამინისტრო არ დაინტერესდეს იმის გარკვევით, ჩაიდინეს თუ არა მისმა თანამშრომლებმა დანაშაული. ასე რომ, მიუხედავად იმისა, დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას, სასჯელაღსრულების სამინისტრო არა თუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია დაიწყოს გამოძიება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თუ სამინისტროს მართლაც სურს ვიდეო ჩანაწერების ნახვა და ამის აუცილებელ პირობად გამოძიების დაწყება მიაჩნია, ამ პრობლემის მოგვარება მარტივია: სამინისტრომ თავად უნდა შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება, დაიწყოს გამოძიება და ნახოს ჩანაწერი. პროკურატურის და სასჯელაღსრულების სამინისტროს იმ თანამდებობის პირთა ქმედებაში, ვისაც ეკისრებათ გამოძიების დაწყების ვალდებულება და არ იწყებენ, შესაძლებელია, ასევე გამოიკვეთოს დანაშაულის ნიშნები (მაგალითად, "სამსახურებრივი გულგრილობა" სსკ-ს 342-ე მუხლი). ვფიქრობთ, ნათელია, რომ უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს სიმართლის გარკვევა. თუ ი.მერაბიშვილი ამბობს ტყუილს, ამ ტყუილის დადგენა მარტივია. კითხვებს პასუხი ეფექტურმა და ობიექტურმა გამოძიებამ უნდა გასცეს. გამოძიების არდაწყება, გაჭიანურება, ვიდეოჩანაწერების ნახვის შეუძლებლობის მომიზეზება ან მსგავსი უსაფუძვლო განმარტებები ზრდის ეჭვებს, რომ ი.მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მართალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პროკურატურას და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება. ასევე მოვუწოდებთ ყველა თანამდებობის პირს, განუხრელად დაიცვან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და მისი საწინააღმდეგო განმარტებები არ გააკეთონ", - ნათქვამია ერთობლივ განაცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია SIDA, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, 13 დეკემბერს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. მან ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, კადრების გადაცემას, ასევე, გამოძიების პროცესში, სასჯელაღსრულების მინისტრისთვის და მთავარი პროკურორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

კომენტარები