ვანო მერაბიშვილის საქმე

ჭიაბერაშვილი: ფარცხალაძემ დიპლომატებს უთხრა, რომ ვიდეოჩანაწერები არ არსებობს

facebook.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე უმოქმედობით ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა მისი დაშინებისა და შანტაჟის მცდელობას. ამასთან, ჭიაბერაშვილი სპეციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს პირადად უთხრა, რომ "მატროსოვის ციხეში" სათვალთვალო კამერები საბადრაგო სამსახურის მიერ მხოლოდ მიმდინარე რეჟიმში დაკვირვებისთვისაა დამონტაჟებული და ვიდეოგამოსახულება არ იწერება.

"ფარცხალაძის თქმით, ვიდეოფირები, რომლებიც რაიმე ნათელს მოჰფენდა ვანო მერაბიშვილის მონათხრობს, საერთოდ არ არსებობს. ფარცხალაძის განცხადება სრულ წინააღმდეგობაში მოდის სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებასთან, რომ ვიდეოფირებს იგი მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებს გადასცემს. ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები აძლიერებს საზოგადოების გონივრულ ეჭვს, რომ ფარცხალაძემ მართლაც ჩაიდინა დანაშაული და ახლა ყველანაირი ხერხით ცდილობს ამ დანაშაულის დაფარვას. 20 დეკემბერს, ადვოკატებმა სასჯელაღსრულების სამინისტროში შეიტანეს ვანო მერაბიშვილის მოთხოვნა, რომ გადაეცეს მის საკანში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერი. ვანო მერაბიშვილის ამ უფლებას კონსტიტუცია იცავს. იმავე დღეს ადვოკატებმა ვანო მერაბიშვილის ხელმოწერილი მოთხოვნით მიმართეს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ზემოაღნიშნული ჩანაწერები გადაეცეს ვანო მერაბიშვილს, როგორც მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებში გამოსაყენებელი გამამართლებელი მტკიცებულება. ანალოგიური მოთხოვნით ვანო მერაბიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსაც მიმართა", - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, 13 დეკემბერს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. მან ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, კადრების გადაცემას, ასევე, გამოძიების პროცესში, სასჯელაღსრულების მინისტრისთვის და მთავარი პროკურორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

კომენტარები