უგულავას საქმე

ვაშაძე: მერისთვის უფლებამოსილების შეჩერების უფლება მოსამართლეს არ ჰქონდა

გიორგი ვაშაძის Facebook-ს გვერდი

არჩეული მერისთვის უფლებამოსილების შეჩერების უფლება მოსამართლეს არ ჰქონდა, რადგან ის არ არის რიგითი მოხელე - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ უგულავასთვის მერის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება, შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

"ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში კონსულტაციები გვქონდა იურისტებთან და განვიხილავთ ამ უკანონო გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. არჩეული მერისთვის უფლებამოსილების შეჩერების უფლება მოსამართლეს არ ჰქონდა, რადგან ის არ არის რიგითი მოხელე. საქალაქო სასამართლოს მენეჯმენტი დღეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ. ბრალდების მხარეს არ ჰქონდა არც ერთი არგუმენტი და სწორედ ამიტომ, განხილვის გარეშე მიაღებინეს გადაწყვეტილება მოსამართლეს. მათ თქვეს – "ასე გვინდა და ასე იქნება, არ გვაინტერესებს რა წერია კანონში". ასე ვერ იქნება, ჩვენ გადავდივართ აქტიურ ფაზაზე, ვინაიდან, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ნორმალური საარჩევნო გარემო არ უნდა" - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა.

"საქალაქო სასამართლოში დღეს, გამთენიისას გაიმართა საიდუმლო სერობა და მოსამართლემ ყველასთვის შეუტყობინებლად გიგი უგულავას უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე უარი თქვა, რაც, როგორც ჩანს იყო ცრუ მანევრი მთავრობისა და სასამართლოს მენეჯმენტის მიერ. სამწუხაროდ, საქალაქო სასამართლო არის პოლიტიკური გავლენის ქვეშ და მოსამართლემ ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო" - განაცხადა ვაშაძემ. 

კომენტარები