NDI-ის კვლევა

NDI: ილია მეორე 94%-ს მოსწონს, ხოლო მის საქმიანობას კარგად - 90% აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე გამოკითხულთა 94%-ს მოსწონს, 1%-ს არ მოსწონს, 2%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, 3% კი, პასუხზე უარს ამბობს. ზუსტად ასეთივე შედეგები აჩვენა სექტემბრის კვლევამ.  

ამასთან, კითხვაზე "როგორ შეაფასებდით ქვემოთ ჩამოთვლილთა საქმიანობას", ილია მეორის საქმიანობას "ძალიან კარგად" 74% აფასებს, "კარგად" - 16%, ხოლო "საშუალოდ" - 3%. გამოკითხულთა 1% ილია მეორის საქმიანობას "ძალიან ცუდად" აფასებს, 3-3%-მა კი, პასუხი არ იცის და უარს ამბობს.

პატრიარქის საქმიანობას 90%-იანი რეიტინგი ჰქონდა სექტემბერშიც იმ განსხვავებით, რომ მაშინ "ძალიან კარგად" აფასებდა - 71%, ხოლო "კარგად" - 19%. სექტემბერში 4% ფიქრობდა, რომ "საშუალოდ", 3-3% უარს ამბობდა პასუხზე ან უპასუხა - "არ ვიცი".

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით 3,915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

კომენტარები