NDI-ის კვლევა

NDI: მინისტრებში ყველაზე მაღალი რეიტინგი ღარიბაშვილს და ალასანიას აქვთ

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, მინისტრთა კაბინეტში ყველაზე დადებითად ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას აფასებს.  

კითხვაზე - როგორ შეაფასებდით ქვემოთ ჩამოთვლილი მინისტრების საქმიანობას, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა გამოკითხულთა 54%-მა დადებითად შეაფასა. სექტემბერში ჩატარებულ ანალოგიურ გამოკითხვაში, ღარიბაშვილის საქმიანობით 43% იყო კმაყოფილი. 28% მის საქმიანობას ნეიტრალურად უყურებს, ხოლო 3%-ის აზრით - ის ცუდად მუშაობს.

ღარიბაშვილის შემდეგ გამოკითხულები ყველაზე კმაყოფილები თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას საქმიანობით არიან. ალასანიას მიერ გადადგმული ნაბიჯები გამოკითხულთა 51%-ს მოსწონს.

მესამე ადგილზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია. მის საქმიანობას გამოკითხულთა 46% დადებითად აფასებს, 33% ნეიტრალურადაა განწყობილი, 6%-ის აზრით კი, იუსტიციის მინისტრი ცუდად მუშაობს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის საქმიანობას 40% დადებითად აფასებს. 5%-ს მიაჩნია, რომ ის ცუდად მუშაობს, 35% კი მისი საქმიანობის მიმართ ნეიტრალურადაა განწყობილი.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით 3,915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

 

კომენტარები