რუსეთი

პუტინი ხოდორკოვსკის შეიწყალებს

რუსეთის პრეზიდენტი მიხაილ ხოდორკოვსკის შეწყალებას აპირებს. ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მან პატიმრობაში 10 წელზე მეტი გაატარა, ეს სერიოზული დროა. მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება (შეწყალების შესახებ) უნდა მივიღოთ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მან აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ხოდორკოვსკი უარს ამბობდა შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისადმი მიმართვაზე. თუმცა, პუტინის თქმით, ამასწინათ მან ასეთი განცხადება დაწერა და შეწყალება ითხოვა.
"უახლოეს მომავალში ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილებული იქნება", - განაცხადა პუტინმა.

მაგრამ, როგორც სააგენტო Reuters-ს ხოდორკოვსკის ადვოკატმა ვადიმ კლუვგანტმა განუცხადა, მსჯავრდებულს პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს.

კომპანია იუკოსის მფლობელი მიხაილ ხოდორკოვსკი 2003 წელს დააკავეს, სასამართლომ მას თაღლითობისთვის, ქონების მითვისებასა და გადასახადების დამალვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეტა შეუფარდა. 2010 წელს ხოდორკოვსკი და მისი პარტნიორი ლებედევი მეორედ გაასამართლეს და სხვისი ქონების მითვისებისთვის 14 წელი მიუსაჯეს. ხოდორკოვსკის საქმემ კრიტიკული შეფასებები დაიმსახურა დასავლეთის მხრიდან, ხოდორკოვსკის პუტინის პირადი პატიმარიც უწოდეს. საერთაშორისო ამნისტიამ ხოდორკოვსკი და ლებედევი სინდისის პატიმრებად აღიარა.

ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთში ამნისტიის შესახებ კანონი ძალაში შევიდა. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონის მიხედვით, საპატიმროს საპროტესტო პანკჯგუფის Pussy Riot-ის წევრები და Greenpeace-ის აქტივისტები დატოვებენ. 

კომენტარები