პროტესტი უკრაინაში

პუტინი: ჩვენ უკრაინას არსად არ მივათრევთ

ვლადიმირ პუტინი
Time

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება იმით აიხსნება, რომ უკრაინელები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შედეგების შესახებ საკმარის ინფორმაციას არ ფლობენ. პუტინის თქმით, უკრაინული ოპოზიცია ევროთემატიკით სპეკულირებს, სინამდვილეში კი, დოკუმენტებს არავინ კითხულობს.

„არავინ არაფერს არ კითხულობს. ნახეთ, რა წერია იქ: ბაზრების გახსნისთვის ფული არ არის, ევროპული ტექნიკური და სავაჭრო ნორმებისა და რეგლამენტების შემოღება ნიშნავს, რომ მრეწველობა უნდა დაიხუროს. სოფლის მეურნეობა არ განვითარდება და ევროზონის დანამატი გახდება. მაგრამ თუ ეს ვინმეს არჩევანია, დაე, იყოს, ჩვენ უკრაინას არსად არ მივათრევთ“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.

უკრაინის მთავრობამ 21 ნოემბრის დადგენილებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკება შეაჩერა, ხელშეკრულების ხელმოწერა ნოემბრის ბოლოს ვილნიუსის სამიტზე იგეგმებოდა. მთავრობის გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის მომხრეებმა კიევის ცენტრში მრავალრიცხოვანი აქციებით გააპროტესტეს, დემონსტრაციები დღემდე გრძელდება. აქციის მონაწილეები მთავრობის გადაყენებასა და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა. ზოგიერთი მათგანი აქციაზეც იმყოფებოდა.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ "მნიშვნელოვანია, ჩვენს საშინაო საქმეებში სხვა ქვეყნები არ ერეოდნენ და არ ფიქრობდნენ, რომ მათ აქ ბატონობა შეუძლიათ მაიდანზე თუ სხვაგან. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმას, რომ მოდიოდნენ ჩვენს ქვეყანაში და გვასწავლიდნენ თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ".

კომენტარები