ლაშა ფურცხვანიძის საქმე

ლაშა ფურცხვანიძეს და კობა ხარშილაძეს 400-400 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ

ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი და მისი მოადგილე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაშა ფურცხვანიძეს და კობა ხარშილაძეს 400 000 ლარის გადახდა დააკისრა.

დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე მოითხოვა სასამართლოს არ გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიება ან უკიდურეს შემთხვევაში, ბრალდებულებისთვის 5 000 ლარი შეეფარდებინა, თუმცა, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მერიის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა გირაო 20 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადონ. ბრალდებულებმა შესაძლოა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ.

"მინდა მივულცო ჩვენი სასამართლო სისტემის ნამდვილად კორექტულად და კარგად ფუქციონირება, რაც დადასტურდა კიდევაც და სამწუხაროდ, პროკურატურა ნულს ქვემოთ აღარ არის, მინუს ქვემოთ არის უკვე. ის არგუმენტები, რაც მათ ჰქონდათ, რომ დაგვიბარეს და არ გამოვცხადდით, ეს აბსურდი აღარ არის, ეს არის ტყუილი. როდესაც ადამიანს ურეკავენ ღამის საათებში და ეუბნებიან, რომ ხვალ დილით თუ არ მოხვალ, ჩვენ სხვა საშუალებებიც გვაქვს თქვენი მოყვანის, ეს არის მუქარა. და როცა კითხულობ - რის საფუძველზე მიბარებ, პასუხია - მობრძანდი და გაიგებ. ეს სატელეფონო ჩანაწერები, ეჭვი მაქვს, რომ კარგად ისმინება. და ახლა აქ აღმოჩნდა რაღაც გარემოება, რომ თურმე ვიღაცა ოპერმუშაკის განცხადებით, ვაპირებდით აზერბაიჯანში გაქცევას.აზერბაიჯანზე უკეთესი ქვეყნებიც არის გასაქცევად, თუ გაქცევას ვაპირებდით" - ამბობს ლაშა ფურცხვანიძე.

როგორც ადვოკატი გოგიტა გაბაიძე აცხადებს, სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულებს დარბაზიდან ათავისუფლებდა იმიტომ, რომ დაკავების წესი დაირღვა.

"თუმცა, იქვე განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიების ფაქტობრივი გარემობა მაინც იყო და შეუფარდა თითოეულ ბრალდებულს გირაო 400 000 ლარის ოდენობით" - ამბობს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ შესაძლოა, დაცვის მხარემ გადაწყვეტილება თანხის ნაწილში გაასაჩივროს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი ყოფილი მოადგილე კობა ხარშილაძე 16 დეკემბერს დააკავეს. როგორც სპეციალურ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა გამომძიებელმა ბექა კვიციანმა განაცხადა, ხარშილაძე და ფურცხვანიძე სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აიყვანეს.

კომენტარები