ლაშა ფურცხვანიძის საქმე

ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი და მისი მოადგილე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი ყოფილი მოადგილე კობა ხარშილაძე დააკავეს. როგორც სპეციალურ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა გამომძიებელმა ბექა კვიციანმა განაცხადა, ხარშილაძე და ფურცხვანიძე სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აიყვანეს.

გამოძიების ვერსიით, ფურცხვანიძემ მოადგილესთან ერთად, 2007 წლის 1 მაისს ნაცნობების - მარინა მურცხვალაძის, მამუკა მურვანიძის, გელა ქავთარაძის და კობა ყორღანაშვილის სახელზე ფიქტიურად დააფუძნეს შპს გრინსერვისი, რომლის ფაქტობრივი მფლობელები და ხელმძღვანელები მისი დაფუძნების დღიდან, თავად იყვნენ. 

"შპს გრინსერვისის დაფუძნების ძირითადი მიზანი იყო, რომ ამ კომპანიას მონაწილეობა მიეღო და გაემარჯვა ძველი თბილისის გამგეობის მიერ გამოცხადებულ გამწვანებითი სამუშაოების ტენდერებში მაშინ როდესაც, ძველი თბილისის გამგებელი ლაშა ფურცხვანიძე და მისი მოადგილე სატანდერო კომისიის წევრები იყვნენ. ეს უკანასკნელები ტენდერებს აცხადებდნენ მათ მიერვე შედგენილი ხარჯთაღრიცხვებით, იმ ოდენობისა და სახეობის ხე-მცენარეებზე, რომლებიც კომპანიას წინასწარ ჰქონდა შეძენილი და შესაბამისად, შპს გრინსერვისმა ლაშა ფურცხვანიძის და კობა ხარშილაძის ძველი თბილისის გამგეობაში მოღვაწეობის პერიოდში, გაიმარჯვა გამგეობის მიერ გამწვანებით სამუშაოებზე გამოცხადებულ ხუთ სახელმწიფო შესყიდვაში", - აღნიშნავს ბექა კვიციანი.

გამოძიების მტკიცებით, 2010 წლის 16 ნოემბერს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეალურმა მფლობელებმა ლაშა ფურცხვანიძემ და კობა ხარშილაძემ მას შემდეგ, რაც აღარ იყვნენ საჯარო მოხელეები, საწარმოში შეცვალეს ფიქტიური დამფუძნებლები და საწარმოს 100%-იანი წილი თანაბრად გაიყვეს.

"მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტისთვის, საწარმოს კაპიტალი შეადგენდა 1 381 487 ლარს, წილებზე საკუთრების მოპოვების კანონიერად წარმოჩენისათვის, შეადგინეს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებები, 100%-იანი წილის 400 ლარად შესყიდვის თაობაზე. წილების ოფიციალურად გადაფორმების შემდეგ, 2011 წლის 10 თებერვალს, იმავე წლის 1 ნოემბერს და 2012 წლის 25 იანვარს ლაშა ფურცხვანიძემ და  კობა ხარშილაძემ სამ ეტაპად განახორციელეს შპს გრინსერვისის მეშვეობით უკანონოდ მიღებული შემოსავლებისთვის კანონიერი სახის მიცემა 1 927 237 ლარის დივიდენდად გატანის გზით", - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა გამომძიებელმა და აღნიშნა, რომ გამოძიება სსკ-ის 194-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტით და 337-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

კომენტარები