პატიმრების შიმშილობა

სუბარი: სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 962 პატიმარი შიმშილობს

სოზარ სუბარი

სასჯელღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 962 პატიმარი შიმშილობს. სუბარმა დღეს უწყების 2013 წლის ანგარიში წარადგინა.

სუბარის თქმით, აღნიშნული პატიმრებიდან 909-მ, რომელიც გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული, შიმშილობა დღეს გამოაცხადა. "ბოლო დღეების განმავლობაში, მოშიმშილეთა რაოდენობა პერიოდულად იცვლებოდა. მაქსიმუმი იყო 180. ძველი პატიმრებიდან დღეს შიმშილობს - 53, თუმცა გეგუთის ციხის 909 მსჯავრდებულმა შიმშილობის აქცია დღეს გამოაცხადა და დილით საკვების მიღებაზე უარი თქვა", - თქვა სუბარმა.

მინისტრის თქმით, გეგუთის ციხეში მოთავსებულ პატიმრებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ - ითხოვენ რამდენიმე მუხლის გაუქმებას, მათ შენიშვნა აქვთ იმ მუხლებთან დაკავშირებით, რომლებსაც, მათი აზრით, ამნისტია არ შეეხებათ. ეს მუხლებია 260-ე და 262-ე, რომლებიც ნარკოდანაშაულს უკავშირდება, ასევე 235-ე პრიმა მუხლი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს.

"გარდა ამისა, ისინი ითხოვენ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას. ასევე არსებობს რამდენიმე პატიმარი, რომელთაც ინდივიდუალურად სურთ მათი საქმეების გადახედვა და გარდა ამ მოთხოვნებისა, ისინი აგრეთვე მოითხოვენ ეკა ბესელიასთან შეხვედრას", - თქვა სუბარმა.

კომენტარები