საქართველო-რუსეთი

პეტრიაშვილი: ლავროვის განცხადებისგან ტრაგედიის შექმნა არ ღირს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებისგან ტრაგედიის შექმნა არ ღირს. ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი ჯერ არ არის მზად, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.

"ამისგან ტრაგედიის შექმნა არ ღირს. სხვა ქვეყნებთანაც გვაქვს სავიზო მიმოსვლა და არავითარი პრობლემა არ არის", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა და აღნიშნა, რომ ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის.

"რეალურად, ეს რუსეთის პოზიცია და მათი დამოკიდებულებაა. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს იმ სფეროებში სავარაუდო თანამშრომლობას, რომელშიც შესაძლებელია რეალური წინსვლა მოხდეს, თუმცა მათ კარგად იციან, რომ არასოდეს არ გადაიხედება ჩვენი მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საგარეო პოლიტიკის საკითხი ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაცია, საქართველოს დეოკუპაცია და გამთლიანება", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წინაშე საგარეო პოლიტიკის შესახებ მოხსენებით გამოსვლისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ არის მზად საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოსაღებად.

კომენტარები