NDI-ს კვლევა

NDI: გამოკითხულთა 57%-ისთვის უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 57% ფიქრობს, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, 13% მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ხოლო 18% ნეიტრალურ პოზიციას გამოხატავს. გამოკითხულთა 4% ფიქრობს, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოა, ხოლო 1% მიჩნევს, რომ ეს საკითხი სრულიად უმნიშვნელოა. ამასთან, გამოკითხულთა 7%-ს პასუხი არ აქვს.

2013 წლის სექტემბერთან შედარებით, პროცენტულად უფრო მეტი გამოკითხული მიიჩნევს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. სექტემბრის შედეგებით, 52% ფიქრობდა, რომ მნიშვნელოვანია, 9% - ძალიან მნიშვნელოვანია, 23% - ნეიტრალური იყო, 5% ფიქრობდა, რომ უმნიშვნელოა, 2% - სრულიად უმნიშვნელოა, ხოლო 8%-ს პასუხი არ ჰქონდა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით 3,915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

კომენტარები