გიგი უგულავას საქმე

უგულავა: ეს არის შურისძიება, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა

ტაბულა

თბილისის მერმა გიგი უგულავამ მისი პროკურატურაში დაბარების შესახებ თქვა, რომ ” ეს არის შურისძიება, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა”. მისი თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ მთავარი პროკურორი ფარცხალაძე და ღარიბაშვილი არ წყვეტენ ასეთ საკითხებს.

"რაც არ უნდა დაიმალოს, ცხრა მთას იქით გადაიკარგოს, ეს არის შურისძიება, რომელიც დაიწყო ივანიშვილმა. ცუდი ამ ყველაფერში არის არა ის, რომ მე დამიბარეს სადღაც, ეს არც პირველია და ალბათ არც უკანასკნელი, მოლოდინიც არანაირი არ მაქვს. თვაზეხელაღებული ხალხია, რომელთაც ჭკუა არ მოეკითხებათ. მერაბიშვილის საქმეზეც ვნახეთ, რომ აბსოლუტურად უგუნური და ბრიყვული საქციელს ჩაიდინეს", - აღნიშნა უგულავამ.

უგულავას თქმით, როგორც ჩანს, ხელისუფლებას პრობლემები აქვს უკვე გამოძიების მიმართულებით და საკუთარი რიტორიკის მსხვერპლნი არიან.

"ამას ყველაფერს ორკესტრირებს ივანიშვილი. ნუ შევიქმით ილუზიას, რომ ვინმე სხვა, ფარცხალაძე იქნება თუ სხვა, ჩვეულებრივი ცახესები არიან. ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ აგერ უკვე ერთ წელიწადში როტაცია გააკეთეს და ნაცვლიშვილის ალი-კვალიც არავინ იცის. ასე მოუვა ფარცხალაძესაც, რადგან ის ემსახურება უკანონობას. ყველაზე ცუდი ამ ისტორიაში არის ის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომელსაც მცირე შანსი ჰქონდა, დაემთავრებინა ეს ბაკქანალია და იმ პრობლემებზე ეფიქრა, რომელიც ქვეყანაშია და, რომელიც ერთ წელიწადში გაცილებით მეტი დაგროვდა, ისევ შურისძიებით არიან. შურსძიების გზა მიგვიყვანს ეკონომიკურ კოლაფსამდე და ქვეყნის საფუძვლის მოსპობამდე", - თქვა უგულავამ.

უგულავამ ასევე თქვა, რომ რაც დღეს ხდება, მივა იქამდე, რომ უკრაინისგან განსხვავებით ევროპა თავად იტყვის საქართველოზე უარს.

"ეს ძალიან მავნებულური პოლიტიკაა. დღეს ყველაფერი ცხადია. ამ ხალხს არც ევროპისკენ უნდათ საქართველოს წაყვანა და სურთ, საკუთარი შურის პროვოცირება მოახდინონ. კი ბატონო, ჩვენ აქ ვართ და აქამდეც არ გავქცეულვართ", - განაცხადა უგულავამ.

ამ დროისთვის მთავარ პროკურატურასთან გიგი უგულავას მხარდამჭერები არიან შეკრებილი. აქციაზე იმყოფებიან თბილისის რაიონების გამგებლები, მერიის თანამშრომლები და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. აქციის მონაწილეები პროკურატურასთან მანამდე დარჩებიან, ვიდრე გიგი უგულავას მოწმის სახით დაკითხვა არ დამთავრდება.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება ააიპ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა" და ააიპ "თბილისის გავნითარების ფონდის" თანამშრომლების მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.

კომენტარები