პროტესტი უკრაინაში

კლიჩკო: მოსკოვთან გარიგებით, იანუკოვიჩმა ქვეყნის ინტერესები დააზარალა

უკრაინული ოპოზიცია აცხადებს, რომ მოსკოვთან გარიგებით, პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ქვეყნის ინტერესები დააზარალა. ხელისუფლების მოწინააღმდეგეები გარიგების ყველა დეტალის გასაჯაროებას მოითხოვენ. ვიტალი კლიჩკომ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნაც გამოთქვა.

”ჩვენ ვიბრძვით და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ხელისუფლება შეშინებულია, და ის უარს ამბობს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, ქვეყნის დამოუკიდებლობაზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას მოეწერა ხელი მოსკოვში. ჩვენი ინფორმაციით, იანუკოვიჩმა ქვეყანა დააგირავა, 15 მილიარდი დოლარის კრედიტის გარანტიად მან სტრატეგიული საწარმოები, მძიმე მრეწველობა, ელექტროსადგურები ჩადო, არ გამოვრიცხავ, რომ გაზის მილსადენებიც. ამ კრიზისიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს - ვადამდელ არჩევნები. მე ვიწვევ იანუკოვიჩს ბრძოლაში და ვაცხადებ, რომ ის ჩემი პირადი მოწინააღმდეგეა”, - თქვა კლიჩკომ.

იანუკოვიჩ-პუტინის გარიგებას უარყოფითად შეხვდნენ მაიდანზე შეკრებილი დემონსტრანტებიც - ”ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ მთავრობამ უკრაინა გაყიდა. პირველ რიგში, ახლა ოპოზიციის ლიდერებმა და საზოგადოებამ უნდა მოიფიქრონ, ამას წინ როგორც აღუდგნენ. ყველა საერთაშორისო შეთანხმება რატიფიცირებას საჭიროებს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა რადაში და ამ დოკუმენტის რატიფიცირება არ მოხდეს”.

ამავე დროს, ბრიუსელში იანუკოვიჩ-პუტინის შეთანხმებას ფრთხილი ოპტიმიზმით შეხვდნენ. გაფართოების საკითხში ევროკომისრის შტეფან ფულეს განცხადებთ, ეს გარიგება მისასალმებელია, თუ უკრაინის ევროპულ კურსს არ ეწინააღმდეგება.

”თუ მოსკოვის მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს ნორმალური სავაჭრო ურთიერთობის დამყარებას უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთმომგებიან საფუძველზე, თუ ეს შეთანხმებები შეესაბამება იმ ვალდებულებებს, რაც უკრაინამ საკუთარ თავზე აიღო ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირების შედეგად. ამ შემთხვევაში ამ ფაქტს მივესალმებით”, - თქვა ფულემ.

უკრაინის მოვლენებს გერმანიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი თავის პირველ საჯარო გამოსვლაში გამოეხმაურა.

”მართლა სკანდალურია ის ფაქტი, რომ რუსეთმა უკრაინის ეკონომიკური პრობლემებით საკუთარი მიზნებით ისარგებლა, ასევე იმისთვის, რომ არ დაუშვას ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. ასევე სკანდალურია უკრაინის უსაფრთხოების ძალების მოქმედება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ”, - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შტაინმაიერის განცხადებთ, პირველ ვიზიტს იგი პოლონეთში გამართავს, სადაც უკრაინის პრობლემების განხილვას გეგმავს.

 

კომენტარები