ადეიშვილის საქმე

ზურაბ ადეიშვილის საქმის გამო Heritage ინტერპოლს აკრიტიკებს

trend.az

ინტერპოლს მისი კონსტიტუცია პოლიტიკურ ან რელიგიურ დევნაში მონაწილეობას (თეორიულად) უკრძალავს, თუმცა, დიქტატურებმა ისწავლეს როგორ მოახდინონ მანიპულირება და გამოყენონ ეს ორგანიზაცია უდანაშაულო დისიდენტების, ბიზნესმენების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ლიდერების დევნისათვის. ქართველი რეფორმატორი ზურაბ ადეიშვილის საქმე ამ პრობლემის ილუსტრაციაა - ინტერპოლის საქმიანობისადმი მიძღვნილ პუბლიკაციაში, ერთ ერთი უძველესი და გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის, Heritage Foundation-ის ბლოგზე პროფესორი ტედ ბრომუნდი  წერს.

საქართველოს პრო-დასავლური მთავრობის ერთ-ერთი წამყვან წევრს, ადეიშვილს, არჩევნებში სააკაშვილის პარტიის დამარცხებისა და პრო-რუსული ქართული ოცნების არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბრალი წაუყენეს. მას პასუხისმგებლობას აკისრებენ სასჯელაღსრულების სისტემაში დარღვევებზე, რომლებმაც თავის მხრივ, დიდი ალბათობით, ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში დამარცხება გამოიწვია. ბრომუნდი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ინტერპოლმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე ადეიშვილი წითელ ცირკულარში მაინც ჩასვა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთმა დამკვირვებელმა დასავლეთიდან, მათ შორის ამერიკელმა სენატორებმა, გამოთქვა ვარაუდი, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან. ავტორი თვლის, რომ სასამართლოს გარეშე შეუძლებელია იმის დადგენა, დამნაშავეა თუ არა ადეიშვილი, თუმცა მიიჩნევს, რომ საკმარისზე მეტი საფუძველია იმისათვის, რომ დევნა პოლიტიკურად ჩაითვალოს და აქედან გამომდინარე, ინტერპოლმა ამ საქმეში მონაწილეობისაგან თავი უნდა შეიკავოს.

ბრომუნდის თქმით, ინტერპოლის პრობლემის სათავე ისაა, რომ იგი წევრ სახელმწიფოებს თანასწორად უდგება და იმ დაშვებიდან ამოდის, რომ თითოეული მათგანის მხრიდან საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მოთხოვნა ერთნაირი ვალიდურობისაა. ასეთი დაშვება შეიძლება გონივრული იყოს დემოკრატიული ქვეყნების შემთხვევაში, მაგრამ სრულიად გაუმართლებელია, როცა საქმე არადემოკრატიულ ქვეყნებს ეხება. აქედან გამომდინარე, პროფესორი ბრომუნდი მიიჩნევს, რომ სწორია ამერიკის მიდგომა, რომელიც ზოგიერთი სხვა ქვეყნისაგან განსხვავებით ინტერპოლის წითელ ცირკულარს სავალდებულო სამართლებრივ ძალას არ ანიჭებს, ყოველ შემთხვევას ინდივიდუალურად იხილავს და დამოუკიდებლად წყვეტს, რა ფორმით მოახდინოს რეაგირება თუ საერთოდ იგნორირება მოახდინოს ინტერპოლის ხაზით მოსული შეტყობინების.

Heritage-ის კვლევაზე დაყრდნობით, პროფესორი ბრომუნდი ასკვნის, რომ ინტერპოლში წევრობა ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება, მაგრამ იმავდროულად ხაზს უსვამს იმის საჭიროებას, რომ შეერთებულმა შტატებმა თავი არ უნდა დაიბრმავოს ავტოკრატიების მიერ ამ ორგანიზაციის ბოროტად გამოყენების შემთხვევებთან დაკავშირებით. ინტერპოლში წევრობამ ხელი არ უნდა შეუშალოს ამერიკას დაიცვას ავტოკრატიებისგან დაზარალებულები, გამოაშკარავოს დევნა და ბოლო მოუღოს მას. ავტორს მიაჩნია, რომ ინტერპოლმა უნდა გააკონტროლოს წევრი სახელმწიფოსგან შესული მოთხოვნები, რადგან მსგავსი შემთხვევები ავტოკრატულ რეჟიმებს საშუალებას აძლევს, სასურველი მოწინააღმდეგეები გაანადგურონ. ინტერპოლი არ უნდა იქცეს მორიგ, უპასუხისმგებლო ორგანიზაციად - წერს პროფესორი ტედ ბრომუნდი.

კომენტარები