შაჰ-დენიზის ნავთობსადენი

საქართველომ შაჰ-დენიზის ნავთობსადენის მეორე ფაზის დაფინანსებას ხელი მოაწერა

საქართველომ შაჰ-დენიზის ნავთობსადენის მეორე ფაზის დაფინანსების შესახებ რეზოლუციას ხელი მოაწერა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება, რათა მოხდეს თურქეთის მიმართულებით წლიურად, დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება. დაგეგმილია პარალელური მილსადენის მშენებლობა - 387 კმ აზერბაიჯანის, ხოლო 55 კმ საქართველოს ტერიტორიაზე. ორი დამატებითი საკომპრესორო სადგურის, ახალი წნევის რეგულირებისა და გამზომი სადგურის ინსტალაცია საქართველოში. 

შაჰ-დენიზის მე-2 ფაზის ფარგლებში საქართველოში 400-700 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციები ჩაიდება. მშენებლობის პიკის პერიოდში ქვეყანაში დაახლოებით 2 000, ხოლო ექსპლუატაციის პერიოდში დაახლოებით 130 ახალი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. გარდა ამისა, საქართველო მილსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, დამატებით ბუნებრივ აირს მიიღებს. არსებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს შეუძლია ტრანზიტით გატარებული ბუნებრივი აირი 5% შეღავათიან ფასად შეისყიდოს, რაც გაზსადენის მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში წელიწადში დამატებით მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე მეტს შეადგენს. 

ამასთან, პარალელური მილსადენების მშენებლობისათვის საქართველოს პორტებისა და რკინიგზის გამოყენებით დაახლოებით 350 000 ტონა სამშენებლო ტვირთისა და მასალების გადაზიდვა განხორციელდება.

საქართველოს მხრიდან რეზოლუციას ხელი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა, რომელიც ქართულ დელეგაციასთან ერთად ორდღიანი საქმიანი ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა.


 

 

კომენტარები