ვანო მერაბიშვილის საქმე

უსუფაშვილი: ყველა პატიმარს აქვს უფლებები და ეს უფლებები დასაცავია

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ყველა პატიმარს და წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს აქვს უფლებები, რაც ყველას მხრიდან უნდა იყოს დაცული. უსუფაშვილის თქმით, საკუთარი უფლებები და ვალდებულებები ასევე გააჩნიათ პროკურორებს, საგამოძიებო საპროცესო მოქმედებების წარმოების თვალსაზრისით. მისი განცხადებით, თუ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ რომელიმე ბრალდებულს აქვს პრეტენზია, რომ მისი უფლება ვინმემ დაარღვია, უნდა მიმართოს პროკურატურას კონკრეტულ დარღვევასთან დაკავშირებით, რასაც შესაბამისი წესი და პროცედურა აქვს.

"პროკურორები ამ ქვეყანაზე იმიტომ არიან, რომ საქმეები გამოიძიონ და პატიმრებთან ჰქონდეთ ურთიერთობა და არა იმიტომ, რომ უფრო სასიამოვნო გარემოში სხვა თემებზე ისაუბრონ. მე ვერაფერს გეტყვით, თუ ვინ შეხვდა ბატონ ვანო მერაბიშვილს, როდის შეხვდა მას ან სად, რომელ დაწესებულებაში იმყოფებოდა ბატონი მთავარი პროკურორი. ეს მე არ ვიცი და არც შეიძლება ვიცოდე. ერთადერთი, რაც შეიძლება გითხრათ, არის ის, რომ ყველა პატიმარს, წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირს აქვს უფლებები, ეს უფლებები არის დასაცავი ყველას მხრიდან. ამასობაში, გამოძიებას აქვს თავისი ვალდებულება და უფლებები გამოძიებისა და საპროცესო მოქმედებების წარმოების და ამის იქით, თუ ვინმეს უფლება დაირღვა, არსებობს წესი და რიგი, რომ ამას მიხედოს", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, პარასკევს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში.

"იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. ერთ-ერთი იყო პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე. მან წამომიყენა ულტიმატუმი, რომ თუ არ დავეხმარები პროკურატურას ჟვანიას საქმის გამოძიებაში და თუ არ მივაწოდებ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებს, მაშინ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდები. მე მკაფიოდ გამოვხატე ჩემი აზრი, რომ კორუფციაში სააკაშვილის დადანაშაულება სასაცილოა. ასევე, ვუთხარი. რომ თავად გაეცნენ ზურაბ ჟვანიას საქმის მასალებს და ნუთუ ვერ დარწმუნდნენ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება უნაკლოა. მან მითხრა, რომ თუ ამ ორ მოთხოვნას შევასრულებდი, მაშინ მომცემდა ქვეყნიდან გასვლის შანსს, ასევე გამატანინებდნენ "მოპარულ" ფულს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პარტიულ თუ არაპარტიულ მეგობრებსაც დაიჭერდნენ", - განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების დრო ორშაბათამდე მისცეს.

"მსგავსი რამ არ მახსენდება, რომ ოპოზიციის ლიდერს უშუალოდ მთავარი პროკურორი თავად აკაჩავებდეს", - თქვა ყოფილმა პრემიერმა და მისი ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა.

კომენტარები