ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, ვანო მერაბიშვილის დღევანდელი განცხადება, რომლის მიხედვითაც, მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ყოფილ პრემიერს ულტიმატუმი წაუყენა, საპარლამენტო კომისიამ უნდა გამოიძიოს. მისი თქმით, არანაირი ნდობა არ არსებობს იმ პირისა, "რომელიც მაფიოზურ გარჩევებში მონაწილეობს, ოპოზიციის ლიდერს მძევლად აქცევს და მის დაშინებას ცდილობს".
"მან საერთოდ რა უნდა გამოიძიოს, არ მესმის", - ამბობს ბოკერია.
მისივე შეფასებით, ეს არის პოლიტიკური დევნის ახალი ეტაპი, რომელიც აქამდე გაუგონარი და სკანდალური ფორმებით გამოირჩევა.
"ეს არის ოპოზიციის ლიდერის ციხიდან მძევლად წაყვანა მაფიოზურ-ძველბიჭურ-კრიმინალურ გარჩევაზე, იქ აშკარა მუქარა და რაღაც აბსურდული გარიგების "შეთავაზება". ნორმალურ ქვეყანაში, ასეთ დროს, პირველ რიგში კმაყოფილდება ადვოკატების მოთხოვნა, რომ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები მისცენ და ვნახოთ, რა მოხდა", - აღნიშნავს ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, პარასკევს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში.
"იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. ერთ-ერთი იყო პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე. მან წამომიყენა ულტიმატუმი, რომ თუ არ დავეხმარები პროკურატურას ჟვანიას საქმის გამოძიებაში და თუ არ მივაწოდებ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებს, მაშინ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდები. მე მკაფიოდ გამოვხატე ჩემი აზრი, რომ კორუფციაში სააკაშვილის დადანაშაულება სასაცილოა. ასევე, ვუთხარი. რომ თავად გაეცნენ ზურაბ ჟვანიას საქმის მასალებს და ნუთუ ვერ დარწმუნდნენ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება უნაკლოა. მან მითხრა, რომ თუ ამ ორ მოთხოვნას შევასრულებდი, მაშინ მომცემდა ქვეყნიდან გასვლის შანსს, ასევე გამატანინებდნენ "მოპარულ" ფულს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პარტიულ თუ არაპარტიულ მეგობრებსაც დაიჭერდნენ", - განაცხადა მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების დრო ორშაბათამდე მისცეს.
"მსგავსი რამ არ მახსენდება, რომ ოპოზიციის ლიდერს უშუალოდ მთავარი პროკურორი თავად აკაჩავებდეს", - თქვა ყოფილმა პრემიერმა და მისი ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა.





